პაოლო, ფილიპო, რიკარდო, კლარენსი, ჯენარო, ანდრეი, ანდრეა, ალესანდრო... გულისტკენაზე მეტია, როდესაც გუნდიდან ასეთი ბიჭები მიდიან. თუმცა რაღა ბიჭები? პაოლო მალდინისხელა, მგონი ქვაც კი აღარ დაგორავდა იტალიაში, მაგრამ ხომ იყო? რომ იყვნენ? ხომ ქმნიდნენ დიდ გუნდსა და დიდ თამაშებს... “მილანი“ იმ კალიბრის გუნდი არასოდეს ყოფილა, თაობათა ცვლას რომ ვერ გაუძლოს, მაგრამ უახლოეს მომავალში გამოჩნდებიან კი, ახალი ნესტები და მალდინები? გახდება კი ელ შაარავი შევჩენკოსნაირი “გოლების მანქანა?“ – ეს კითხვები არამხოლოდ “მილანის“ ქომაგებს აწუხებს...
უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ”მილანი“ სამჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქედან ორი მოიგო და მხოლოდ ერთი ფინალი წააგო “ლივერპულთან.” ის წაგებაც მხოლოდ სასწაულებრივ წაგებათა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ, რადგან 3:0-დან როდესაც მეტოქე გითანაბრებს, ეს მეტოქის მონდომებაზე მეტად, შენივე “უცნაური მოხერხების” ბრალია. მაგრამ, ჩვენ “ლივერპიულთან“ “პიპოს” შურისძიებაც გვახსოვს და სხვა დიდი ამბებიც, რომელთაც დავიწყების ბურუსი ალბათ არასოდეს გადაეფარება. “მილანი” ყოველთვის დიდი გუნდი იყო და გვაქვს იმედი, რომ მომავალშიც ასე იქნება, მიუხედავად იმისა რომ დღევანდელობა ცოტა უფრო სხვაგვარია.
მილანელთა ახლანდელი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, უდავოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს და მხოლოდ ბრმა თუ ვერ დაინახავს იმას, რაც ამ ნიჭიერმა ახალგაზრდა კაცმა მოახერხა. სეზონის დასაწყისში, თითქმის ბოლომდე დაშლილი, ლიდერებდაბერებული და ფეხბურთელებგაყიდული გუნდი, რაღაცას მაინც დაამსგავსა და ბოლოს და ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდანაც კი გაიყვანა. ამბობენ, “მილანის” ჯგუფიდან გასვლა, იმითაც იყო განპირობებული, რომ ლომბარდიული კლუბი, მეტად სუსტ ჯგუფში მოხვდაო. ეს შეხედულება რასაკვირველია ახლოა ჭკუასთან, მაგრამ მთლად ისეც არ არის საქმე, რომ “მილანმა” ჯგუფში პეტერბურგის “ზენიტი” და ბრიუსელის “ანდერლეხტი” მხოლოდ გამართლებითა და კლასის ხარჯზე ჩატოვა. ცოტა რთულია “მილანის” ფეხბურთელების “კლასზე” დარწმუნებით ისაუბრო, რადგან ნუ მიწყენენ ამ კლუბის თავგადაკლული ქომაგები, მაგრამ ალეგრის დღევანდელი შეგირდების უმეტესობა განსაკუთრებულად მომნუსხავი სათამაშო კლასით არ გამოირჩევიან და 1-2 გამონაკლისის გარდა, ძირითადად საშუალო კლასის ნაკლებად გამორჩეულ ფეხბურთელებს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომაც, არ უნდა დავტოვოთ დაფასების გარეშე, ალეგრის ნიჭი და მონდომება. მით უმეტეს ახლა, როდესაც კლუბს კარგი და მზიანი დღეები აშკარად არ უდგას.
კაცმა რომ თქვას, ბევრი წლევანდელი “მილანისაგან”, იტალიის ჩემპიონატში ნაჩვენებ უარეს შედეგებსაც ელოდა. ლომბარდიელებმა ეროვნული ჩემპიონატი ისე ცუდად დაიწყეს, რომ ეს ავი მოლოდინი რეალობასთან ახლოსმდგომად მოსჩანდა. თუმცა, შემდეგ, საქმეში სტეფან ელ შაარავის ტალანტი ჩაერთო და ნელ-ნელა, კლუბმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. ეს მაშინ, როდესაც უმთავრესი კონკურენტი კლუბები წელს ალეგრის გუნდს ფეხბურთელების საერთო დონითაც და შეთამაშებულობითაც, აშკარად სჯობიან და ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ალეგრიმაც აღიარა.
რა იქნება შემდეგ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რასაკვირველია ძალიან ძნელია, თუმცა ალბათ ყველაზე გონივრული იქნება, თუ “მილანის“ ოდიოზური მფლობელი და პრეზიდენტი, არ აჰყვება შტერულ ამბიციას და მწვრთნელს მინიმუმ სეზონის ბოლომდე დააცდის საქმის ბოლომდე მიყვანას. თუ ვინმეს აქვს ილუზია, რომ ამ სეზონში “მილანი” სერია “ა”-ში ან ჩემპიონთა ლიგაში იპირველებს, ეს ოცნება და იმედი ღმერთმა ნუ მოუშალოს, მაგრამ 2013 წლიდან, გუნდი წლევანდელზე უკეთეს შედეგს რომ აჩვენებს - ამის მოლოდინი კი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს. მით უმეტეს, იტალიური პრესა ირწმუნება, რომ ზამთრის სატრანსფერო აღებ-მიცემობის დროს, “მილანი” 2-3 კარგი ტრანსფერის გაჩარხვას ეშურებაო. ახალი ფეხბურთელები ლომბარდიელებს რომ სჭირდებათ ცხადია. თუმცა, იმედია წელს მაინც დაირღვევა “მილანის” მიერ ბოლო წლებში დამკვიდრებული ცუდი ტრადიცია და მობერებულ და სხვა კლუბების მიერ ჩამოწერილ ვარსკვლავებს კი არა, ახალგაზრდა, ჭეშმარიტ ტალანტებს შეიძენენ. ჩვენ ყველას გვიყვარს “მილანი” და ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს გუნდი საკუთარ თავს აუცილებლად დაემსგავსება. ბოლოს და ბოლოს, ამ კლუბში ხომ ჩვენებური ბიჭიც თამაშობდა!
ლევან სეფისკვერაძე







