შესძლებს თუ არა ომარ მიგინეიშვილი მიმდინარე სეზონში “ზესტაფონში” თამაშს? ეს საკითხი გასარკვევი და დასამუშავებელია. საქართველოს ნაკრების მეკარემ ამ სეზონში თავიდან ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშა (ევროტურნირებზე), შემდეგ თბილისის “დინამოში” გადავიდა და მართალია, ეროვნულ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მაგრამ ხობის “კოლხეთთან” სათასო შეხვედრაში იდგა კარში. ამ ზამთარს კი მიგინეიშვილი “ზესტაფონში” გადავიდა... ასე რომ, მისთვის “ზესტაფონი” მესამე გუნდი გამოდის, რაც უეფას წესდებით აკრძალულია.
იყო შემთხვევები, როცა ფეხბურთელს სეზონში სამ სხვადასხვა გუნდში უთამაშია, მაგრამ აქედან ერთი – სხვა კონტინენტის კლუბში. მაგალითად, გიორგი ციმაკურიძე იყო ასე და გადავიდა ტაილანდის კლუბში.
მაგრამ დავუბრუნდეთ მიგინეიშვილის საკითხს. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ომარის საკითხის შესწავლას აპირებს. ამიტომაც, სფფ-ის გენერალური სამდივნოს თავმჯდომარე რევაზ შენგელიას დავუკავშირდით:
“ფედერაციის აღმასკომი განიხილავს მიგინეიშვილის საკითხს და ნებას თუ დართავენ, შეეძლება თამაში. მომავალ კვირაში იქნება განხილვა. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვარიანტში, მიგინეიშვილისთვის “ზესტაფონი” სეზონში მესამე გუნდი გამოდის, არსებობს გამონაკლისები და ვნახოთ” – გვითხრა შენგელიამ.
მიგინეიშვილის საკითხზე ფედერაცია უეფა-სთან შეთანხმებითაც იმუშავებს. ალბათ, საქართველოს ნაკრების ინტერესებშიც უნდა იყოს, რომ მიგინეიშვილი უთამაშებელი არ დარჩეს. დიდი ალბათობით, ეს საკითხი იქნება გათვალისწინებული, თუმცა დავიცადოთ. ფაქტია, აღმასკომი ამ საკითხს განიხილავს.