ქართველმა მოჭადრაკე თამაზ მგელაძე (2198) “ოქროს ქვიშებზე” ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირში ჩაება და კვლავ წარმატებით თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ “ალბენა 2014-ზე” 86-ე ნომრად განთესილმა მგელაძემ 9 ტურში 6.0 ქულა მოაგროვა და მე-16 ადგილი დაიკავა, რისი წყალობითაც 69 სარეიტინგო ქულა შეიმატა.
ამჯერად, თამაზი ბულგარეთშივე “ევროპის თასში” ჩაება და 2 ტურის თავზე ლიდერთა შორის იმყოფება.
ქართველმა მოჭადრაკემ საწყის ტურებში კვლავაც რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეებს აჯობა: თეთრი ფიგურებით რუმინელი მირჩეა-ემილიან პარლიგრაში (2581) დაამარცხა, შავებით კი – გერმანელი მატიას როედერი (2436).
ქულათა მაქსიმუმით 18 მოჭადრაკე დაწინაურდა და დამატებითი მაჩვენებლებით, მგელაძე სწორედ მეთვრამეტეა. მე-3 ტურში იგი თეთრი ფიგურებით ერთ-ერთ ლიდერ – ბრაზილიელ იაგო დე მოურა სანტიაგოს (2466) ეთამაშება.
“ოქროს ქვიშებზე” მიმდინარე საჭადრაკო ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 18 ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა.