რაგბი

13:18 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეხუთე ტურში რვამ ითამაშა

საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მეხუთე ტურში რვა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, სამს კი ტრავმების გამო იძულებით დასვენება მოუწია.

დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზა” სტუმრად 13:9 დაამარცხა და 18 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა. კაკოვინი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო, ზირაქაშვილმა პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა და მატჩის მიწურულს მოედანზე 2 წუთით მოედანზე კვლავ მოუწია დაბრუნება. კოლელიშვილი ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შეცვლაზე 35-ე წუთზე შევიდა და პირველი ტაიმი ჩაამთავრა, სრულფასოვნად კი, თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო. ტაიმის 6:6 დასრულების შემდეგ, სტუმრებმა 48-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა აღარ გარისკეს, ბოლო წუთზე ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანეს და ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერეს. “ტულუზა” 10 ქულით მე-9 ადგილზეა.

მოქმედმა ჩემპიონმა - მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 24:28 დამარცხდა. გორგოძემ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ აღდგენითი პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და განაცხადში არ იყო, მიქაუტაძე შერკინების ხაზში სრულად გაისარჯა, ხოლო პირველხაზელი ჩილაჩავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა შორის 65-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ქუბრიაშვილმა. ჟვანია მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა და მოედანი 6 წუთის შემდეგ დატოვა.

თამაში დაძაბული გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ პარიზელები ორჯერ დაისაჯნენ ყვითელი ბარათით, გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. “სტად ფრანსემ” ტაიმი 13:12 მოიგო, მაგრამ მატჩის განახლებისთანავე ლელო-გარდასახვა გაუშვა. სტუმრებმა ჯარიმებით ჯერ წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 70-ე წუთისთვის 25:19 დაწინაურდნენ. “ტულონმა” ლელოთი ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა შეძლო, თუმცა გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე პარიზელებმა არეკნი გაიტანეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმეს. ამრიგად, “სტად ფრანსე” 17 ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო “ტულონი” 14 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.

ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” 27:21 დაამარცხა და ქულის აღებაც ვერ მოახერხა. სტუმართა ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 62 წუთი გაატარა. ამ დროისთვის “მონპელიემ” ლელო-გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 68-ე და 71-ე წუთებზე ჯარიმები გაუშვა და სხვაობის შემცირება ვეღარ მოახერხა. “მონპელიე” 14 ქულით მეოთხეა და “ბორდო” მას ერთი ქულით და ერთი ადგილით ჩამორჩება.

13 ქულით მეექვსეა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო, რომელმაც “ლიონი” პრემიალური ქულით 28:11 დაამარცხა. ხინჩაგიშვილმა განვლილ ტურში ტრავმა მიიღო და განაცხადში არ იყო.

ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” “კასტრი” 41:16 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. 22 წლის პირველხაზელი თამაშში ჯერ 41-ე წუთზე ჩაერთო და გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე 45-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 71-ე წუთიდან ბოლომდე ითამაშა. მასპინძლებმა საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე მეოთხე ლელო გაიტანეს და 9 ქულით მე-13 ადგილზეა.

გიორგი ჟღენტის “ბაიონმა” კარლენ ასიეშვილისა და გოდერძი შველიძის “ბრივი” 23:6 დაამარცხა. შველიძემ დასკვნითი 20 წუთი ითამაშა, ასიეშვილი განაცხადში არ იყო, ჟღენტი კი მოედანზე მწვრთნელმა არ შეუშვა. “ბაიონი” 10 ქულით მეათეზეა, ხოლო “ბრივი” 9 ქულით მე-12 პოზიციაზეა. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 19-20 სექტემბერს გაიმართება.

თეგებიTop 14
0.133867