კალათბურთი

13:37 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველის 13 ქულა ყოფილ გუნდთან

საკალათბურთო კლუბი “ნაპოლი”, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი (იტალიელებს, იგი, როგორც ცენტრი, ისე ჰყავთ გაფორმებული) ნიკა მეტრეველი (სიმაღლე 211 სმ.) იცავს, ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები იტალიის რანგით მე-2 ლიგა “ლნპ გოლდში” ითამაშებენ და ელიტაში აღზევებას ეცდებიან.

“ნაპოლი” 23 წლის ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდ “ფერენტინოს” გაეჯიბრა და 73:67 სძლია, მეტრეველმა კი 13 ქულა ჩააგდო. ცნობისთვის, ნიკა ფერენტინოელთა ღირსებას 2009-10 წლების სეზონში იცავდა, შემდეგ კი, “ბასკეტ რიმინი კრაბსი”, “დინამო სასარი ბასკეტი”, იგივე “ბასკეტ ნაპოლი”, “ფულგორ ომენა”, “სოხუმი” და “როზეტო შარქსი” მოიარა.

სხვათა შორის, ეს უკანასკნელი იტალიის რანგით მე-3 ლიგაშია და ახალ სეზონში, მის რიგებში ახალგაზრდა (19 წლის) ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე ითამაშებს.

იტალიურ დაბალ ლიგებში სეზონი სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს. მეტრეველის “ნაპოლი” პირველ მატჩში იმავე “ფერენტინოს” უმასპინძლებს, ხოლო “როზეტო” “პროჯერ ჩიეტის” ესტუმრება.

ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ნეაპოლელები კიდევ ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ. 27-28 სექტემბერს დაგეგმილ მინი-ტურნირში მეტრეველის გუნდის მეტოქეები ასევე “ლნპ გოლდის” წევრები – “ფორტიტუდო” და “ფორლი” იქნებიან.

0.104098