საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ნიკა მეტრეველი იტალიის LNP Gold-ის (რანგით მე-2 ლიგა) წევრ “ნაპოლი ბაკეტის” წევრი გახდა. უფრო მართებულად, რომ ვთქვათ, ქართველი კალათბურთელი ნეაპოლურ კლუბს დაუბრუნდა, რადგანაც მცირე ხნით მისი მაისური ადრეც მოურგია.
23 წლის მეტრეველმა (211 სმ. 105 კგ.) გასული სეზონი იტალიის რანგით მე-3 ლიგაში (LNP Silver) გაატარა, სადაც “როზეტო შარკსის” რიგებში 8 მატჩში საშუალოდ 7.4 ქულას და 3.4 მოხსნას აგროვებდა.
საერთოდაც, ნიკას იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში, მას “პაფონი ომენას”, “ბანკო დი სარდინია სასარის”, “რიმინის”, “მონტეპასკის” და “ფერენტინოს” ღირსებაც დაუცავს. ისიც ვთქვათ, რომ ქართველს ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია ანუ იტალიური პასპორტიც აქვს.
გასულ სეზონში “ნაპოლი ბასკეტმა” მე-2 ლიგაში 14 მოგებით და 16 მარცხით მე-10 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფს მიღმა დარჩა, ამდენად, ელიტაში გადასასვლელად მომავალ სეზონში იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ მეტრეველს საქართველოს ეროვნული ნაკრებში 2009 წლიდან მოყოლებული პერიოდულად იძახებენ. ნიკა გაფართოებულ შემადგენლობაში ამჯერადაც გახლავთ და პირველივე შეკრებიდან ნაკრებთან ერთად უნდა იყოს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეროვნული ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების პირველ ეტაპს 23 ივნისიდან იწყებს. გუნდი 4 ივლისამდე თბილისში იქნება, 5-ში კი სლოვენიურ პოდჩეტრტეკს მიაშურებს, სადაც უკვე სრული შემადგენლობით შეიკრიბება.