ქართველი ფორვარდი ნიკა მეტრეველი იტალიის რანგით მე-3 ლიგის ბინადარ “როზეტო შარქსში” ჩაირიცხა. აღნიშნულის შესახებ ცნობა აპენინური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა და მეტრეველის კომენტარიც მოაყოლა.
“ვიცოდი, რომ როზეტოში სერიოზული მიზნები ჰქონდათ და კლუბს გულშემატკივარიც ძალიან ერთგული ჰყავს. ვეცდები, წარმატებაში საკუთარი წვლილი მეც შევიტანო, მითუმეტეს, რომ თამაში რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია.
შემადგენლობიდან ლუკა ბისკონტის და ანტონელო რიჩის ვიცნობ. ამ უკანასკნელთან ერთად ნეაპოლში ვთამაშობდი, თუმცა, მცირე ხანს, რადგანაც იგი მალევე რეჯიო კალაბრიაში წავიდა.
თუ ყველაფერი გეგმისამებრ წარიმართა, “როზეტოს” მაისურს უკვე კვირას, 22 დეკემბერს მოვირგებ, როდესაც “ბაუერ მატერას” ვეთამაშებით. თუმცა, ჯერ კიდევ გარკვეული ფორმალობებია მოსაგვარებელი”, - აღნიშნა მეტრეველმა.
ცნობისთვის, ლეგადუე სილვერში მოთამაშე “ზვიგენებს” 6-6 მოგება-წაგება გააჩნიათ და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილი უკავიათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მეტრეველი “სოხუმის” ღირსებას იცავდა და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში საშუალოდ 12.7 ქულას, 8.6 მოხსნას და 1.4 პასს აგროვებდა.
ისიც ვთქვათ, რომ ქართველ ფორვარდს იტალიურ კლუბებში თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. ნიკას აქამდე “ფერენტინოს”, “დინამო სასარის”, “ნაპოლის”, “პაფონი ომენას”, “რიმინის” და “მონტეპასკის” ღირსებაც დაუცავს.