რუსთავის „მეტალურგი“ სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებს. საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩამდე გუნდმა ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანული ზაქათალის „სიმურგთან“ გამართა.
მატჩის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ნახევარში ანგარიში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა „სიმურგმა“ გახსნა, რამდენიმე წუთში კი „მეტალურგმა“, კერძოდ კი, გოგა ფიფიამ გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 1:1.
გელა სანაიამ ტაიმებში განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა. დღევანდელი თამაში გამოტოვა „მეტალურგის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ. როგორც მოგეხსენებათ რუსთაველთა ნახევარმცველი საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად იმყოფება. ნაკრები 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს მართავს. დღევანდელ შეხვედრაში სანაიამ თავის გამოჩენის საშუალება „მეტალურგის“ დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელს მისცა.
პირველი ტაიმი: ბედიაშვილი, მახვილაძე, კაკუბავა, ორბელაძე, სუხიაშვილი, გოგინაშვილი, გეწაძე, კორღალიძე, გურეშიძე, დობროვოლსკი, ბერიაშვილი.
მეორე ტაიმი: შერმადინი, მაისაშვილი, ექვთიმიშვილი, საჯაია, კაკულია, რაზმაძე, ქავთარაძე, ხაბელაშვილი, ფიფია, სიხარულიძე, ვასაძე.
და კიდევ, „მეტალურგის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველ წრეში „ფოლადის“ სტადიონზე გასამართ შეხვედრებზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება.. საქართველოს ფეხბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს ოთხ საშინაო მატჩზე ყველა გულშემატკივარი სტადიონზე შესვლას უფასოდ შეძლებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გუნდი ქვედა ექვსეულში მოხვდა, რის გამოც სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ახალი სეზონის დაწყებამდე კი გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორცილდა. წლეულს „მეტალურგი“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას გეგმავს, რაშიც გულშემატკივართა როლი ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.
საფეხბურთო კლუბ "მეტალურგის" პრესსამსახური