ფეხბურთი

20:39 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგმა” “დინამოს” კლასი აჩვენა

თბილისის “დინამოს” წაუგებელი სერია რუსთავში შეწყდა. მარცხიც არის და მარცხიც. აქამდე, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდები ასე უსუსურად არცერთ მატჩში გამოიყურებოდნენ. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა მოწინააღმდეგე ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჩაგრეს – ტაქტიკურად, ტექნიკურად, სისწრაფეში, მოედანზე მოძრაობაში. “მეტალურგის” ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევი გიორგი ჯოხაძე და გიორგი ქავთარაძე იყვნენ. პირველ მათგანს საუცხოო დებიუტი ჰქონდა – გოლი და საგოლე პასი, ხოლო მეორემ გუნდის ლიდერობას თავი აშკარად გაართვა.

სამწუხაროა, რომ რუსთაველთა მართლაც პერსპექტიულ გუნდს ფინანსურად ძალიან უჭირს. კლუბის ხელმძღვანელობა სახელმწიფოს მიერ შეპირებულ დაფინანსებას და ქალაქის მერიის დახმარებას ელის. თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი სჩანს, არც მეორე.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის მატჩები 12 და 13 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ნაკრების შეკრების გამო, მე-4 ტურის შეხვედრები 16-17 სექტემბერს შედგება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მე-5 ტურის გამართვის თარიღი ერთი დღით გადასწია. ჯერჯერობით გაურკვეველია საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალის საპასუხო თამაშების თარიღი, რომელთა ჩატარება 15-16 სექტემბერს იგეგმებოდა.

შეხვედრა რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო და სახიფათო მომენტებსაც მხოლოდ ისინი ქმნიდნენ. მატჩის დაწყებიდან მცირე დრო გასულიყო, რომ გიორგი ქავთარაძე მარცხენა ფლანგზე მეტოქეს გასცდა და თბილისელთა საჯარიმოში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი, ლაშა თოთაძემ კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა. მალევე, მარჯვნიდან გიორგი ჯოხაძის ჩაწოდების მერე, “დინამოს” საჯარიმოში ქავთარაძე ბურთს ირაკლი სიხარულიძეს უბრუნებდა, მაგრამ სტუმართა მცველებმა ხიფათი განმუხტეს.

ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ჯოხაძემ მარჯვენა ფლანგზე ორ მეტოქეს გვერდი ოსტატურად აუარა და მისი პასის მერე, საჯარიმოს ფარგლებს გარედან ქავთარაძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ცოტა ხანში ჯოხაძემ მარჯვნიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და რუსთაველთა კარის წინ მყოფმა კახა კაკაშვილმა თავით ყველას დაასწრო – ბურთი კარს გადასცდა.

27-ე წუთზე ქავთარაძემ საწადელს მაინც მიაღწია. როსტომ მიქაუტაძემ დროულად მოძებნა მარჯვენა ფლანგზე გიორგი ვასაძე, რომლის გადაცემის მერე, ქავთარაძემ “დინამოს” საჯარიმოს ხაზიდან შეუჩერებლად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. გოლის გატანიდან ერთ წუთში ჯოხაძემ დაარტყა მარჯვენა ფლანგიდან და კარისკენ სუსტად წასული ბურთი ომარ მიგინეიშვილმა ძალიან ცუდად მიიღო.

პირველი ტაიმის მიწურულს, ჯოხაძემ მარცხენა ფლანგიდან “ჯარიმიდან” მიგინეიშვილს ახლო კუთხეში ულამაზესი გოლი გაუტანა.

მეორე ტაიმი რუსთაველებმა პირველის ანალოგიურად დაიწყეს და ძალიან აქტიური ჯოხაძის პასის შემდეგ, ქავთარაძის მიერ დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა ხელებში დააფიქსირა. მალევე, ჯოხაძემ რუსთაველთა საჯარიმოში ჩააწოდა და სიხარულიძემ ერთი შეხებით გაიტანა – 3:0. “მეტალურგი” მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებდა და მარცხნიდან ქავთარაძემ სტუმართა საჯარიმოში კაკაშვილი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში კინაღამ კიდევ გაზარდა. მცირე ხანში, ქავთარაძე თბილისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და დაარტყა – მიგინეიშვილმა ბურთი მოიგერია. 

მეორე ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ჩისკომ სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. დამატებულ დროში ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ლაშა თოთაძეს “დინამოს” საჯარიმოში აართვა და კოტე გაბაშვილს უასისტენტა, რომლის სუსტად დარტყმულმა მიგინეიშვილს პრობლემა ვერ შეუქმნა.  

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკოფერენციაზე თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახი გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ “დინამო” ასე ცუდად არ უნდა თამაშობდეს: “მეტალურგს” გამარჯვებას ვულოცავ, გვაჯობეს და მოგება დაიმსახურეს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ძალიან სუსტად ვითამაშეთ. აქ ბევრი კომპლექსური პრობლემაა, რომლებზეც საუბარს არ დავიწყებ. თავის მართლებას არ ვაპირებ. “დინამო” ასე არ უნდა თამაშობდეს. ჩვენზე ცუდად იმოქმედა სანაკრებო პაუზამ. ბევრი ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრებში იყო წასული და სრულფასოვანი მოსამზადებელი ციკლი ვერ ჩავატარეთ, რაც შეთამაშებისთვის გვჭირდებოდა. გპირდებით, რომ მომავალში ასეთი თამაში აღარ გამეორდება”.

-რით ახსნით გუნდის ასეთ სუსტ გამოსვლას, მითუმეტეს წინა ტურში ზესტაფონში მოგებული მატჩის შემდეგ?

-კომპლექსური მიზეზებია. მთლიანად გუნდი ჩავარდა, რაც ძალიან სამწუხაროა. გავაანალიზებთ და შესაბამისად, დასკვნებს გავაკეთებთ.

-ნიკა ჭანტურიას თუ მიეცემა სასტარტო შემადგენლობაში თამაშის საშუალება?

-ჭანტურია აუცილებლად ითამაშებს. გუნდში ამისთვის მოვიწვიეთ.

“მეტალურგის” თავკაცმა ვარლამ კილასონიამ აღნიშნა, რომ მეტოქე კარგად ჰყავდათ შესწავლილი: “მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მეტოქე კარგად  შევისწავლეთ და მისი როგორც სუსტი, ასევე ძლიერი მხარეები ვიცოდით. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან, მოედანზე სათამაშო აგრესია პირველი წუთიდან იგრძნობოდა. გუნდის ამოცანა იყო, რომ “დინამოს” ფეხბურთელებისთვის ბურთი არ მიგვეცა, რადგან თუ მათ ბურთი ჩაუვარდებოდათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით”.

-გუნდში ფინანსური მდგომარეობა როგორია? მეპატრონე ვინ არის?

-მეპატრონის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, რადგან მფლობელები ძალიან სწრაფად იცვლებიან. ალბათ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც ყველაზე ნაკლებს საუბრობს და ყველაზე მეტი პრობლემები გვაქვს. იმედია, ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება. მე როგორც ვიცი, წლის ბოლომდე მერია ვერ დაგვეხმარება.

-ჯოხაძის დებიუტზე რას გვეტყვით? ქავთარაძე გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა...

-მარჯვენა მცველ მიქაუტაძესაც დებიუტი ჰქონდა. რაც შეეხება ჯოხაძეს, ის ორი კვირაა დაგვემატა. ვარჯიშის შემდეგ, მისმა ფიზიკურმა კონდიციებმა საშუალება მოგვცა, რომ სასტარტო შემადგენლობაში დაგვეყენებინა. ქავთარაძის შემთხვევაში ლოგიკურია, რომ ლიდერი იყოს, რადგან რამედნიმე წელია უმაღლეს ლიგაში თამაშობს.

-დაჩი ცნობილაძის თამაშს როგორ შეაფასებთ?

-ჩემთვის იმის თქმა უფრო ძნელია კარგად ვინ ვერ ითამაშა. ცნობილაძე, სხვების მსგავსად, აქტიური იყო. მეკარით დაწყებული, თავდამსხმელით დამთავრებული, ყველამ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი აჩვენა.

აქვე გეტყვით, რომ განვლილ მატჩს რუსთავის მერი დავით ჯიქია დაესწრო, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობას დახმარება აღუთქვა. პირველყოვლისა, ის აპირებს კლუბს იმ იურიდიული დეტალების მოგვარებაში დაეხმაროს, რაც “მეტალურგის” ირგვლივ არსებობს.

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 3:0 (2:0)

11 სექტემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე, ქავთარაძე, ჯოხაძე (კიტეიშვილი, 80), ვარლამ გიორგის ძე კილასონია, სიხარულიძე (გაბაშვილი, 83), კოტე ხიზანეიშვილი, ექვთიმიშვილი (გიორგი კილასონია, 75), ცნობილაძე, კაკაშვილი, მიქაუტაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

დინამო: მიგინეიშვილი, თოთაძე, გველესიანი, ძარია, ჯანელიძე (საბა ლობჟანიძე, 58), პაპუნაშვილი, საბანაძე (ზივზივაძე, 58), პარუნაშვილი, პაპავა, დავით საჯაია (შერგელაშვილი, 46), ჩისკო.

მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი.

გოლები: 1:0 ქავთარაძე (27), 2:0 ჯოხაძე (45+2), 3:0 სიხარულიძე (48)

გაფრთხილება: ჯოხაძე (4), ექვთიმიშვილი (37).

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი.

0.209152