ფეხბურთი

21:35 | 19.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგის” მონდომება “დინამოსთან” საკმარისი არ აღმოჩნდა

ამ ეტაპზე, რუსთავის “მეტალურგისთვის” ზედა ექვსეულში მოხვედრა ყველაზე დიდი მიღწევაა. მართალია, რუსთაველები ყოველ მატჩში თავს არ ზოგავენ, მაგრამ “დინამოსთან” მხოლოდ ეს, საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისელები ორი ტაიმი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. რუსთაველებს კი, მთელი თამაშის განმავლობაში მოწინააღმდეგის კარის აღების რეალური შანსი არ ჰქონიათ. აქვე გეტყვით, რომ რუსთავში გვარიანად ცხელოდა და თამაში რამდენიმეჯერ შეჩრდა, რომ ფეხბურთელებს წყალი დაელიათ.

მატჩის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული, რომ ჩისკოს პასის შემდეგ, მარცხენა ფრთიდან გიორგი მერებაშვილმა ჩამოაწოდა და რუსთაველთა საჯარიმოს ფარგლებს გარედან ირაკლი ძარიას მიერ დარტყმული ბურთი მიზანს აცდა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ჩისკომ “მეტალურგის” კართან მყოფი მერებაშვილი მოძებნა, რომელმაც შემოტრიალებით ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ დაარტყა.

მე-19 წუთზე, დავით კვირკველიას წამოწყებული შეტევა ჩისკომ გააგრძელა, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოში ოთარ მარცვალაძესთან “კედელი” გაითამაშა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. გოლის გაშვებიდან ორ წუთში, მარცხნიდან მერაბ გიგაურმა კუთხური მოაწოდა და გიორგი ლორია კარიდან გამოსვლის დროს შეცდა, ხოლო გიორგი ჩირგაძემ თავით არაზუსტად დაარტყა. ტაიმის შუაწელში, ჩისკომ კარგი პასით “მეტალურგის” მეკარეს მარცვალაძე შეატოვა, რომელმაც წინ გამოსულ გრიგოლ ბედიაშვილს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ მიზანს ააცილა.

44-ე წუთზე, მერებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ერთ მეტოქეს გასცდა და მისი დარტყმის მერე, ბედიაშვილმა ბურთი ხელებში მეორე ცდაზე შეიმაგრა. ტაიმისთვის დამატებულ დროში, “დინამოს” კონტრშეტევის დროს, მარცვალაძეს რუსთაველთა კარის დარაჯთან პირისპირ ჩისკო გაჰყავდა, მაგრამ ესპანელი ბურთს ვერ მიწვდა.

მეორე ტაიმი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ ბესიკ ჩიმაკაძემ მარცხენა ფლანგზე დავით ხურცილავას გვერდი აუარა და საჯარიმოში შესულმა მოწინააღმდეგის კარის გასწვრივ ჩააწოდა, თუმცა ჩირგაძე ბურთს ვერ მიწვდა. საპასუხო შეტევაში ჩისკომ მასპინძელთა საჯარიმოში მარჯვნიდან “გახსნილი” თორნიკე გორგიაშვილი მოძებნა, რომელმაც მახვილი კუთხიდან უზუსტოდ დაარტყა.

ამის შემდეგ, ორჯერ “დინამოს” კარს გიორგი მიქაბერიძე დაემუქრა – პირველ ჯერზე ააცილა, ხოლო მეორედ ლორიამ ბურთი უპრობლემოდ დაიჭირა. 88-ე წუთზე, მერებაშვილი რუსთაველთა მარჯვენა მცველს შალვა ექვთიმიშვილს გასცდა და საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა პასი გიორგი პაპუნაშვილს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მალხაზ ჟვანია: “მიუხედავად სიცხისა და ხელოვნურსაფარიანი მოედნისა, რის გამოც, ფეხბურთელებს მოედანზე გადაადგილება უჭირდათ, გოლები გავიტანეთ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ”.

ვარლამ კილასონია: “ასეთ სიცხეში წელს პირველად ვითამაშეთ, გადაადგილება ჭირდა, ბიჭებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ ოსტატობა არ ეყოთ”.

ჟვანიამ კომენტარი სეზონის ბოლოს “დინამოდან” მისი სავარაუდო დათხოვნის თაობაზეც გააკეთა:

“მაისის ბოლომდე “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ვარ. ჩვენი მიზანი საქართველოს ჩემპიონობა და თასის მოგებაა. ორიენტირებული ამაზე ვარ”.

 

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)

19 აპრილი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე (კ), დავით საჯაია, შალვა ექვთიმიშვილი, მერაბ გიგაური (ვასაძე, 59), დენის დობროვოლსკი, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, ქავთარაძე (კაკაშვილი, 80), მიქაბერიძე, ჩირგაძე, ჩიმაკაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

დინამო: ლორია (კ), ხიდეშელი, ხურცილავა, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე, ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი, 61), მერებაშვილი, ჩისკო (გოგა, 90), მარცვალაძე (მოდებაძე, 82).

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

გოლები: 0:1 ჩისკო (19), პაპუნაშვილი (88).

გაფრთხილება: ხურცილავა (10), ექვთიმიშვილი (32), კვირკველია (45+2), მახვილაძე (63).

მთავარი მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი.

 

ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი)3:0 (2:0)

გოლი: 1:0 გაბედავა (28), 2:0 ჭელიძე (39), 3:0 კვასხვაძე (84) 

 

 

სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი2:1 (1:1)

გოლები: 1:0 გოგობერიშვილი (33), 1:1 გეწაძე (38), 2:1 გოგობერიშვილი (76 პენალტით) 

 

1              დინამო (თბ)                   27               18               4                 5                  58:19               58
2 ზესტაფონი 27 15 4 8 36:19 49
3 სიონი 27 14 6 7 36:26 48
4 ჩიხურა 27 12 6 9 46:40 42
5 მეტალურგი 27 11 6 10 31:32 39
6 გურია 27 11 0 16 27:41 33

0.4619