ფეხბურთი

20:03 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მეტალურგი” ექვსეულშია. “დინამო” კი შინ წაგებებს დაეჩვია

 

თბილისის “დინამომ” ზედიზედ მესამე საშინაო მატჩი წააგო საქართველოს ჩემპიონატში: შარშან დეკემბერს “ვიტ ჯორჯიასთან”, წლეულს კი ქვემოაქართლურ გუნდებთან – ბოლნისის “სიონთან” და რუსთავის “მეტალურგთან”. დინამოელები სოლიდურ ჰანდიკაპს მაინც ინარჩუნებენ მდევრებთან, აი, “სიონსა” და “მეტალურგს” კი სწორედ “დინამო არენაზე” მოპოვებული გამარჯვება დაეხმარათ მიზნის შესრულებაში. უნდა ითქვას, საკმაოდ სუსტად ითამაშა მალხაზ ჟვანიას გუნდმა.

რუსთაველებმა ძალიან გაიხარეს. ფრის შემთხვევაში ისინი ექვსეულში ვერ შევიდოდნენ, რადგან პარალელურად, გორის “დილამ” მარტვილში “მერანს” მოუგო. ვარლამ კილასონიას გუნდს მეორე ტაიმში სამი მომენტი ჰქონდა და ერთი გამოიყენა: 69-ე წუთი იყო, როცა საჯარიმო დაინიშნა, დენის დობროვოლსკის ჩაწოდებულ ბურთს კი შალვა ექვთიმიშვილმა შეაგება თავური და ასე გავიდა შეხვედრის ერთადერთი გოლი.

მთლიანობაში, თამაში უღიმღამო გამოდგა. პირველ ტაიმში სულ ორი მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ვნახეთ: ჯერ ოთარ მარცვალაძემ იაქტიურა, მცველს თავზე გადაუგდო ბურთი და საჯარიმოს მისადგომებიდან ოდნავ ააცილა, ხოლო შემდეგ რუსთაველი კახა კაკაშვილის შორიდან დარტყმული მოიგერია გიორგი ლორიამ.

მეორე ნახევრის დასაწყისში დორინ გოგას კარგი პასის შემდეგ, გიორგი მერებაშვილმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარე გრიგოლ ბედიაშვილს ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია. ერთ წუთში სტუმართა ნახევარმცველმა გიორგი ქავთარაძემ თავური ვერ დაარტყა კარგად და კარს ააცილა.

ქავთარაძეს უკეთესი შანსი 66-ე წუთზე ჰქონდა, როცა ირაკლი გოგინაშვილის გარღვევასა და პასს უზუსტო დარტყმა მიაყოლა. არადა, ხელს არავინ უშლიდა. ამ მომენტიდან სამი წუთის შემდეგ კი, ექვთიმიშვილმა, როგორც აღმოჩნდა, ექვსეულში გამსვლელი ბურთი შეაგდო.

20 წუთზე მეტი იყო დარჩენილი, “დინამო” შეტევაზე გადავიდა, თუმცა ვერაფერი შექმნა. გიორგი პაპავამ ბევრჯერ ჩააწოდა მარჯვენა ფლანგიდან, თუმცა ამას ხიფათი არ მოსდევდა. ბედიაშვილს ბურთი არ მოუგერიებია... ერთადერთხელ, რუმინელი გოგას დარტყმის შემდეგ გადარჩა “მეტალურგი” – ბურთი ოდნავ ასცდა კარს.

სუსტად ითამაშეს ჩისკომ და მერებაშვილმა, რომლებიც, როგორც წესი, ზოგადად აქტიურები არიან და დინამოელთა შემტევი პოტენციალი ყველაზე მეტად მათზეა დამოკიდებული. ამიტომაც ვთქვით ჩისკო-მერებაშვილზე, თორემ კარგად არც სხვებს უთამაშიათ... “მეტალურგი” კი დიდი ძალებით იცავდა თავს და ბოლო წუთებში წინ წასვლას საერთოდ აღარ ცდილობდა. 

მატჩის შემდეგ:

ვარლამ კილასონია: “ვიცოდით, რომ “დინამოსთან” მატჩი რთული იქნებოდა. ერთი კვირა ვემზადებოდით 5-მცველიან სისტემაზე, რადგან “დინამოს” წინ ძლიერი შემსრულებლები ჰყავს და თავი კარგად უნდა დაგვეცვა. ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს. ვულოცავ მათ და მთლიანად რუსთაველებს”.

მალხაზ ჟვანია: - საშინაო მატჩებში ვმარცხდებით. დღეს სივრცეები არ იყო შემტევებისთვის და ასეთ დროს შემტევ გუნდს უჭირს თამაში.

- არასტაბილურობა რატომ დასჩემდა “დინამოს”?

- ალბათ, საშინაო მატჩებს გულისხმობთ. ყველა მეტოქე დაცვიდან გვეთამაშება და როგორც ჩანს, ამაზე სერიოზული მუშაობა გვჭირდება, რათა ასეთ თამაშებში წარმატებას მივაღწიოთ. ხარვეზები გვაქვს და ეს ყველაფერი დასაბალანსებელია.

- გეცოდინებათ, რომ ამ მატჩს მოჰყვება სხვაგვარი ეჭვები – თამაშების გაცვლასთან დაკავშირებით. ამის საპასუხოდ რა კომენტარს გააკეთებთ?

- ასეთ თემაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ჩვენთვის დაუშვებელია გარიგებებში მონაწილეობა.

კილასონიამაც გააკეთა კომენტარი: “ასე თუ ავიღებთ, მაშინ ყველა მატჩის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ეჭვები. ვიცი, რომ “მეტალურგი” და “დინამო” ბინძურ საქმეებში არ მონაწილეობენ”.

        

დინამო (თბილისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)

16 მარტი. თბილისი. “დინამო არენა”. 2500 მაყურებელი

დინამო: ლორია, პაპავა, გველესიანი, ხიდეშელი, კვირკველია, ცინცაძე (ჯანელიძე 73), ძარია, პაპუნაშვილი (გოგა 46), მერებაშვილი, ჩისკო, მარცვალაძე (მოდებაძე 59).

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ექვთიმიშვილი, ვარლამ კილასონია, მახვილაძე, დავით საჯაია, ლომაია, დობროვოლსკი, ქავთარაძე, გიგაური (გოგინაშვილი 57), კაკაშვილი (ვასაძე 78), ჩირგაძე (ჩიმაკაძე 68).

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

გოლი: 0:1 ექვთიმიშვილი (69).

გაფრთხილება: ლომაია (15), კვირკველია (19), ჩირგაძე (44), დობროვოლსკი (65).

მსაჯი: ლაშა სილაგავა.

 

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 მამუკა ღონღაძე (7)1:1 გიორგი გაბედავა (23), 1:2 იგორ სავჩენკოვსი (66)

 

 სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი  0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ზაზა ჭელიძე (5) 

 

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლუკა რაზმაძე (პე, 45), 0:2 გიორგი ბერიაშვილი (52), 1:2 დავით ციცხვაია (68)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ელგუჯა ლობჯანიძე (56), 2:0 გიორგი კორიფაძე (57), 2:1 ზვიად მეტრეველი (90) 

 

ზუგდიდი – გურია (ლანჩხუთი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოთარ ჯავაშვილი (5), 2:0 ირაკლი სიხარულია (71)

 

                    1-6 ადგილებისთვის

 

1       დინამო (თბ)                22            15            3           4               51:17              48
2 ზესტაფონი 22 12 4 6 30:15 40
3 ჩიხურა 22 11 5 6 40:33 38
4 გურია 22 11 0 11 25:29 33
5 სიონი 22 9 6 7 27:23 33
6 მეტალურგი 22 9 6 7 26:25 33

 

                        7-12 ადგილებისთვის

     

    7           დილა                          22            8              8           6              28:22              32
    8 ვიტ ჯორჯია 22 8 5 9 28:29 29
    9 ტორპედო 22 8 5 9 24:30 29
    10 სპარტაკი 22 6 2 14 19:32 20
    11 ზუგდიდი 22 5 5 12 12:30 20
    12 მერანი 22 4 3 15 16:41 15

     

     

    მეგოლეები:

    13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

    12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

    9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

    7 - ვილი ისიანი (“გურია”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

    6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

    5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, გიორგი გაბედავა, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

     

    შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

    -ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

    -ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

    -ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

    -ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

    -ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

    -თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

    0.190118