სტატიები

15:17 | 20.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

“მესტალიიდან” “მესტალიამდე”

 

ესპანეთის თასის ფინალი 109-ჯერ ჩატარდა, აქედან სამოცდაათ ფინალში მონაწილეობა მადრიდის “რეალმა” და კატალონურმა “ბარსელონამ” მიიღეს. რამდენადაც გასაკვირად უნდა მოგეჩვენოთ, “სამეფო კლუბი” და “ბლაუგრანა” ქვეყნის თასის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს მხოლოდ ხუთჯერ დაუპირისპირდნენ. დღეს, ვალენსიის “მესტალიაზე” ეს გრანდები მეექვსედ შეეცილებიან “სამეფო თასს”, ჩვენ კი “რეალისა” და “ბარსელონას” წინა ხუთ საფინალო დაპირისპირებაზე მოგითხრობთ.


1936. “რეალი”-“ბარსელონა” 2:1
ესპანეთის თასის ფინალში, კასტილური და კატალონური გრანდები პირველად ერთმანეთს 1936 წლის ოცდაერთ ივნისს, ვალენსიას “მესტალიაზე” შეებნენ. იმხანად, პირენელთა თასს რესპუბლიკისა ეწოდებოდა. პირველმა ტაიმმა მადრიდელთა სრული უპირატესობით ჩაიარა. მეექვსე და მეთერთმეტე წუთებზე, “რეალის” ფეხბურთელებმა - ეუხენიომ და ლეკუემ ორი გოლი გაიტანეს და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა, მაგრამ შესვენების შემდეგ, ბარსელონელებმა საკუთარ საჯარიმო მოედანს მიაჯაჭვეს დედაქალაქელები, 74-ე წუთზე, ესკოლამ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხა და რომ არა რიკარდო ზამორას ფენომენალური თამაში, კატალონელები მინიმუმ ანგარიშის გაყაიმებას მოახერხებდნენ. მსაჯის საფინალო ნიშნის შემდეგ, მადრიდელებმა ზამორა მხრებზე აიტატეს და ისე გაიყვანეს მინდვრიდან. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იმ დღეს ზამორამ უკანასკნელად დაიცვა “რეალის” კარი. რამდენიმე დღეში, ესპანეთში საზარელი სამოქალაქო ომი დაიწყო...  

1968. “ბარსელონა”-“რეალი” 1:0
32-წლიანი პაუზის შემდეგ, “რეალი” და “ბარსელონა” უკვე დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს სახელობის თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მატჩი მადრიდში, ამჟამინდელ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარდა და ეს იყო ამ გუნდების ერთადერთი სათასო-გადამწყვეტი მატჩი, რომელიც ერთ-ერთი გუნდის მინდორზე ჩატარდა. ფინალი “ბარსელონამ” 1:0 მოიგო, მეორე დღეს კი “მარკას” პირველ გვერდს შემდეგი წარწერა ამშვენებდა: “რიგო კამპეონ”. ანტონიო რიგო კატალონელი ფეხბურთელი არ გეგონოთ, იგი მატჩის არბიტრი გახლდათ. საერთო აღიარებით, მან ორი პენალტი არ დანიშნა “ბარსელონას” კარის მიმართულებით, როცა “ბლაუგრანას” უკანახაზელებმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე ჯერ ფერნანდო სერენა, შემდეგ კი ამარო ამანსიო მოცელეს. თამაში “ბარსამ” 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი კი მადრიდელმა სუნსუნეგიმ საკუთარ კარში გაიტანა. მოგვიანებით, შეხვედრას “ბოთლების ფინალი” უწოდეს. საქმე ისაა, რომ მსაჯობით უკმაყოფილო “რეალის” ფანებმა გასახდელისკენ მიმავალ რიგოს ტრიბუნებიდან ბოთლები დაუშინეს. ამ დღის შემდეგ სტადიონებზე შუშის ბოთლების რეალიზაცია აიკრძალა. აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა პირიმ, ფინალი მოტეხილი ლავიწის ძვლით ჩაატარა.

1974. “რეალი”-“ბარსელონა” 4:0
1974 წელს ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონა” გახდა, მადრიდელები მერვე ადგილზე გავიდნენ, ამასთან, კატალონელებმა “რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 5:0 მოუგეს. ამიტომაც, სავსებით გასაგებია, 1974 წლის 29 ივნისს, მადრიდის “ვისენტე კალდერონზე” “სამეფო კლუბი” სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის გადასატანად რომ გავიდა. 0:5-ს “რეალმა” ფინალში 4:0-ით უპასუხა. ბარსელონელები დღემდე თავს იმით “იმართლებდნენ”, ფინალში იოჰან კრუიფი არ გვყავდაო, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მადრიდელებმა გენერალისიმუსის თასის გადამწყვეტი ასპარეზობა უბადლო გიუნტერ ნეტცერის გარეშე ჩაატარეს. “რეალის” ოთხი უპასუხო გოლი სანტილიანას, რუბინიანს, აგილარსა და პირის ეკუთვნით.

1983. “ბარსელონა”-“რეალი” 2:1
თუკი 1968 წლის ფინალს “ბოთლების ფინალი” შეარქვეს, 1983 წლის “სამეფო თასის” გადამწყვეტ ასპარეზობას “ნუნიესის ცრემლებად” მოიხსენიებენ. “ბარსელონას” იმდროინდელ პრეზიდენტს ისე გაუხარდა თასის მოგება, რომ თავი ვერ შეიკავა და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა. “რეალი” სარაგოსას “რომარედაზე” სათამაშოდ შავი სამკლავურებით გავიდა. ამგვარი ჟესტით, მადრიდელებმა პატივი მიაგეს ხაიმე ლასკანოს ხსოვნას. ეს უკანასკნელი 20-30-იან წლებში “რეალის” ფორვარდი იყო და სწორედ მან გაიტანა გუნდის პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში. ლასკანო სარაგოსულ ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. გატანილ გოლებს რაც შეეხება, პირველ ტაიმში ვიკტორმა “ბარსა” დააწინაურა, თამაშის განახლებიდან სამიოდე წუთში კი, სანტილიანამ წონასწორობა აღადგინა, კატალონელების გამარჯვება კი 89-ე წუთზე, მარკოსის ზუსტმა დარტყმამ განაპირობა.

1990. “ბარსელონა”-“რეალი” 2:0
1990 წლის ხუთ აპრილს, “სამეფო თასის” ფინალი “მესტალიაზე” (1969-94 წლებში სარბიელი ლუის კასანოვას სახელს ატარებდა) ჩატარდა. იმ მომენტისთვის უელსელი ჯონ ბენჯამინ ტოშაკის “რეალი” დამაჯერებლად ლიდერობდა პრიმერა დივიზიონს, იოჰან კრუიფის “ბარსელონას” “დრიმ თიმი” კი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. ამბობენ, კატალონელებს ის ფინალი რომ არ მოეგოთ, “მფრინავ ჰოლანდიელს” მთავარმწვრთნელობიდან დაითხოვდნენ და “დრიმ თიმიც” არ შედგებოდაო... “ბარსას” მოგებაში ორი ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი – ვალენსიაში მრავლად ჩავიდნენ ბარსელონელი გულშემატკივრები (მაყურებელთა 60 პროცენტი შეადგინეს) და გალისიელმა არბიტრმა გარსია დე ლოსამ, პირველი ტაიმის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა ფერნანდო იეროს და მინდვრიდან დაითხოვა. ათი მოთამაშის ამარა დარჩენილ “რეალს” ძალა არ ეყო, “ბარსას” გოლები კი ამორის (68-ე წუთი) და სალინასის (90) ანგარიშზეა. მსაჯობით უკმაყოფილო მადრიდელმა ქომაგებმა ნამატჩევს მინდორზე ბოთლი ისროლეს, რომელიც კატალონელთა ბასკ მეკარეს, ანდონი სუბისარეტას თავში მოხვდა და სერიოზული ტრავმა მიაყენა.

ბოლოს კი იმასაც შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასი “ბარსელონას” 25-ჯერ აქვს მოგებული (9 ფინალი დათმო), “რეალს” კი ჩვიდმეტ ფინალში გაუღიმა ბედმა და 19-ჯერ მინდორი გაწბილებულმა დატოვა.
მაშ ასე, დღეს ჩვენი დროით ოცდასამ საათსა და ოცდაათ წუთზე, ვალენსიაში “ბარსელონა” და “რეალი” ესპანეთის თასის ფინალში მეექვსედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

 

გოჩა კაჭარავა

0.195927