“ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი ტრავმირებულია და შესაძლოა, მან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოედანზე გასვლა ვერ მოახერხოს.
“ალმერიასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში, რომელიც “ბარსამ” 2:0 მოიგო, მესიმ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა. საგოლე დარტყმის დროს, არგენტინელმა მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა, რის შემდეგაც მან შეცვლა ითხოვა.
“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა კვირას ჩაუტარდება და მკურნალობის ვადებიც ამ დღეს გაირკვევა. კატალონიური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მესის ერთი კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე “სელტიკის”, ხოლო ლა ლიგაში “ვალიადოლიდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
მესის, რომელსაც წლების განმავლობაში ტრავმა არ ეკარებოდა, გასული სეზონის ბოლოდან მოყოლებული, სხვადასხვა სახის დაზიანებამ არაერთი მატჩი გამოატოვებინა.