მომავალი წლის დასაწყისში კატალონიური “ბარსელონა” გუნდის ლიდერ ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
Sport.es-ის ცნობით, შეთანხმებას ხელი მას შემდეგ მოეწერება, რაც 26 წლის ფეხბურთელი არგენტინიდან, სადაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გადის, ესპანეთში დაბრუნდება.
წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტის მოქმედების ვადა უცვლელი დარჩება - 2018 წლამდე. სამაგიეროდ, შეიცვლება მისი ფინანსური მხარე და მესის ხელფასი წელიწადში 20-25 მილიონი ევრო გახდება.
ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ფაუსი არგენტინელთან ახალი კონტრაქტის გაფორმების წინააღმდეგ გამოვიდა: “არ მესმის რატომ უნდა შევთავაზოთ მესის ახლა ახალი კონტრაქტი. არ შეიძლება შეთანხმება ყოველ ექვს თვეში ერთხელ განვაახლოთ”.
ამ განცხადებას მესიმ უპასუხა: “ფაუსს ფეხბურთის არაფერი ესმის. მას სურს “ბარსელონა” ისე მართოს, როგორც ბიზნეს-პროექტი, მაგრამ ფეხბურთი ბიზნესზე ბევრად მეტია”.