წუხელ, თავის “ნოუ კამპზე,” “ბარსელონამ” ესპანეთის თასის მატჩში “ხეტაფე” 4:0 გაანადგურა. ორი გოლი, თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ გამოჩენილმა ლიონელ მესიმ გაიტანა. მესი მინდორზე 64-ე წუთზე შევიდა ანდრეს ინიესტას ნაცვლად და დუბლის შესასრულებლად 25 წუთი ეყო. მოგეხსენებათ, ტრავმირებული მესი ერთი თვის განმავლობაში არგენტინაში მკურნალობდა, თუმცა “ხეტაფესთან” შეხვედრაში ისე ითამაშა, თითქოს არც დაშავებულიყოს, მარდად დაძვრებოდა მცველებს შორის და ერთთავად ამწვავებდა შეტევებს. “ვითამაშებ თუ არა შაბათს “ატლეტიკოს” წინააღმდეგ? ამას მწვრთნელ მარტინოსთან და ექიმებთან ერთად გადავწყვეტ. სხვა მხრივ, ვიტყვი, რომ “ბარსელონაში” თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა კარიერის ბოლომდე აქ დავრჩე.” – უთხრა შემდეგ მესიმ Marca-ს.