რა მოიტანა მეშვიდე ტურმა ცხრილის ზედა ნაწილში? ის, რომ "დინამომ" და "ტორპედომაც" ფრედ ითამაშეს, თუმცა ცხრილში ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს. ქუთათურთა შედეგიანი ფრე საკმარისი გამოდგა პირველზე გადასასვლელად. ისე კი, ჯერ რა დროს ადგილებზე საუბარია, როცა ფლეი-ოფამდე კიდევ 15 ტურია.
დუშან უჰრინის გუნდისთვის ივანწმინდაში გამართული მატჩი ცუდად დაიწყო, რადგან ჩისკომ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. იოლი არაა, როცა ლიდერის გარეშე გიწევს დარჩენა. თავის მხრივ, "ჩიხურამაც" დაამტკიცა, რომ კარგი გუნდია. სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ხშირია შემთხვევა, როცა ახალგადმოსული გუნდი უეცარი წარმატებით იწყებს და შემდეგ ჩერდება, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდი, ჯერჯერობით, დამუხრუჭებას არ აპირებს - 13 ქულა ცოტა არაა. მითუმეტეს, რომ მატჩების უმეტესობა სტუმრად ჩაატარეს.
ეს "დინამოსთვის" და "ჩიხურასთვისაც" პირველი ფრე იყო. ისევე, როგორც "ტორპედოსთვის", რომელიც ფოთში აგებდა, პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა და მატჩის მიწურულს გოლიც გაიტანა, თუმცა დოლიძეზე თამაშგარე დააფიქსირეს - რაკურსი, საიდანაც აჩვენეს ეს მომენტი, ვერაფერს ასახავს, თუმცა ქუთათურთა მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მსაჯობაზე არაფერი უთქვამს. საერთოდ, გეგუჩაძე "დაგვწვეს", "გადაგვწვეს" და ამგვარს არ ლაპარაკობს.
ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა "კოლხეთის" მცველმა პაატა ცხვიტარიამ. ფოთელებს ჯერ მოგება არ აქვთ და აუტსაიდერები არიან. "ტორპედოზე" კი ის ვთქვათ, რომ გუნდი პროგრესირებს - ახალგაზრდები, რომლებზეც მწვრთნელმა გათვლა გააკეთა, ამართლებენ.
"ჩემთვის ეს ძეგლის დადგმის ტოლფასია" - ეს რევაზ ჩელებაძის სიტყვებია, რომლის სახელობისაც გახდა ქობულეთის სტადიონი. "ჩელე არენაზე" ამ სეზონში პირველად ითამაშა ბათუმის "დინამომ" და კარგადაც დაიბედა: "მერანს" 4:0 სძლია.
მიხეილ ჯორბენაძე კი მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ სეზონში ჰეთ-თრიქი მიითვალა. პირველი გახლდათ ჯაბა დვალი, რომელმაც სამი გოლი თბილისის "დინამო"-"კოლხეთის" შეხვედრაში (5:0) გაიტანა. ჯორბენაძე სწრაფი, ენერგიული შემტევია, ამ გაზაფხულს პლეი-აუტში გამართულ მატჩებშიც გამოირჩეოდა. ახლა კი, 5 გოლით ბომბარდირია უმაღლესში.
ამირან მუჯირის გოლი როგორ არ გამოვარჩიოთ? 38 წლის კაცმა მეკარეს ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე.
რაც შეეხება "მერანს": შინ 3 მატჩი, 3 მოგება, სტუმრად 4 თამაში, 4 წაგება - "მერანი" გასულ სეზონშიც მეტწილად მარტვილში ყოჩაღობდა.
ბოლნისში "სიონი"-"ზუგდიდი" უგოლოდ დასრულდა და ახლა ორივე გუნდს 4-4 ფრე აქვს.
ტურის ყველაზე დრამატულ და უხვგოლიან თამაშზეც. 4 წამყვანი ნახევარმცველის (მენთეშაშვილი, გორგიაშვილი, აფციაური, მილხრაუმი) არყოფნის მიუხედავად, "ზესტაფონმა" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" 3:2 სძლია. რატი წინამძღვრიშვილს თამაში თუ წაუვიდა, მისი შეჩერება ძალიან ძნელია - ერთ დროს ყველაზე პერსპექტიულმა ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და მათ შორის, ერთი ბოლო წამებზე გაიტანა. მარტო გოლებშიც არაა საქმე, რადგან რატიმ თითქმის ყველა ბურთი მოიგო, პასებიც დაარიგა და ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა სტაბილურად კარგად თამაშს. ამჯერად კი, ეს "კარგი" თამაში არ ყოფილა - "ძალიან კარგი" ეთქმის.
დუბლი შეასრულა ვიტელმა ბესიკ ჩიმაკაძემაც, ორივე ბურთი თავით გაიტანა და წინამძღვრიშვილის გადამწყვეტი დარტყმა რომ არა, მატჩის გმირობაც ალალი იქნებოდა მასზე. საერთოდაც, "ვიტ ჯორჯია" კარგად გამოიყურებოდა და მწვრთნელ მერაბ კოჭლაშვილს უიღბლობაზე ჩივილის საბაბი ჰქონდა.
დავით მუჯირი-ზაზა ზამთარაძის დუეტმა კი სამ ტურში 6 ქულა აიღო, აქედან, ორი გასვლიდან ორივე მოიგო.
და "დილა". 3 წაგება, შემდეგ ერთი ფრე და ამას მოყოლებული 3 მოგება. გიორგი დარასელიას გუნდი ბოლო სამ ტურში გოლგაუშვებლად იმარჯვებს. თანაც, ეს სამივე ვისთან იყო? "დინამოსთან", "ზესტაფონთან", "მეტალურგთან". დავით კვირკველიამ 8-წლიანი შესვენების შემდეგ გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.
მოკლედ, "დილა" დაიძრა, რაც აუცილებლად მოხდებოდა. ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომ სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა.
და ბოლოს ისევ წინამძღვრიშვილზე. მისი გადამწყვეტი გოლის აღნიშვნა იყო თვალსასეირო: რატი ტრიბუნისკენ გაიქცა და შეყვარებული ჩაკოცნა. ფეხბურთს ამგვარი რიტუალებიც უხდება.
1. | ტორპედო | 7 | 5 | 1 | 1 | 18:5 | 16 |
2. | დინამო (თბ) | 7 | 5 | 1 | 1 | 17:4 | 16 |
3. | ჩიხურა | 7 | 4 | 1 | 2 | 10:8 | 13 |
4. | მეტალურგი | 7 | 4 | 0 | 3 | 6:9 | 12 |
5. | დილა | 7 | 3 | 1 | 3 | 10:7 | 10 |
6. | ზესტაფონი | 7 | 3 | 1 | 3 | 8:6 | 10 |
7. | ზუგდიდი | 7 | 2 | 4 | 1 | 7:4 | 10 |
8. | მერანი | 7 | 3 | 0 | 4 | 4:12 | 9 |
9. | სიონი | 7 | 1 | 4 | 2 | 7:8 | 7 |
10. | დინამო (ბთ) | 7 | 1 | 2 | 4 | 7:14 | 5 |
11. | ვიტ ჯორჯია | 7 | 1 | 2 | 4 | 4:11 | 5 |
12. | კოლხეთი | 7 | 0 | 3 | 4 | 3:13 | 3 |
მე-8 ტური. 30 სექტემბერი: მერანი – ზუგდიდი, დინამო (თბ) – სიონი, ზესტაფონი – ჩიხურა, მეტალურგი – ვიტ ჯორჯია, ტორპედო – დილა, დინამო (ბთ) - კოლხეთი
ბომბარდირები:
5 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი)
4 – ჯაბა დვალი, ჩისკო (2, პენ) (“დინამო”), რევაზ ჯიქია (“სიონი”)
3 – ალვარო (“დინამო” თბილისი), დავით ოდიკაძე (“ჩიხურა”, 1), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი”), გიორგი კუხიანიძე (1), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”),
2 – ლევან კუტალია (1), ირაკლი ქობალია (“ზუგდიდი”), რევაზ გოცირიძე, ნიკო კვასხვაძე (“ჩიხურა”), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), ლაშა შერგელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი მიქაბერიძე (“მეტალურგი”) ირაკლი მოდებაძე (“დილა”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი), ბესიკ ჩიმაკაძე (“ვიტ ჯორჯია”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, თორნიკე გორგიაშვილი, პატრიკ მილხრაუმი, შოთა ბაბუნაშვილი, ოთარ კვერნაძე, მიხეილ სარდალიშვილი (“ზესტაფონი”), საბა ლომია, გიგა ამბროლაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ნოდარ ნოზაძე (“მერანი” მარტვილი), რობერტინიო, გიორგი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გელა გოგიტიძე, ამირან მუჯირი (“დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა, დავით სვანიძე (“სიონი”), ედიკ საჯაია, ბესო დეკანოიძე, ვაჟა ლომაშვილი (“ჩიხურა”), ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, ზაზა ჭელიძე, გიორგი ბერიაშვილი, ვალერი ბოლქვაძე, გრიგოლ დოლიძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია (“ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”), პავლე დათუნაიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი გაბედავა, შოთა ლომია (“ზუგდიდი”), ვალერი კაციტაძე, რომან ახალკაცი, სანდრო გურული (1), გიორგი კახელიშვილი, დათო კვირკველია, გიგა ბეჭვაია (“დილა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.
ილია ნანობაშვილი