სტატიები

14:22 | 27.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

მესამე საკვალიფიკაციო მხოლოდ “დილას” გაუთენდა

შარშან, როდესაც ევროტურნირებზე მონაწილე ოთხი ქართული გუნდიდან სამმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს მიაღწია, ქართულ ფეხბურთში “მოტრიალე” მავანმა პიროვნებებმა,  მხოლოდ ფედერაციის მესვეურებს არ ვგულისხმობ, დაფ-დაფებს შემოჰკრეს და წინსვლაზე ან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ბევრი ისაუბრეს. მაშინდელ მიღწევას, რაც იღბლიანი კენჭისყრითაც იყო განპირობებული, ქართულ გუნდებს არავინ უკარგავს, მაგრამ ახლა მინდა  ვიკითხო – მივდივართ წინ? განვითარდა ინფრასტრუქტურა?  როდესაც ევროთასებზე მოთამაშე გუნდებიდან შინ მატჩის ჩატარების უფლებას მხოლოდ “ზესტაფონს” აძლევენ და ისიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ. მითუმეტეს, როდესაც თამაშები ტარდება სტადიონზე, რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და სკამების ნაწილი სასწრაფო წესით იმიტომ დაამონტაჟეს, რომ დანიელი გულშემატკივრები უნდა ჩამოსულიყვნენ. არც ერთადერთი გუნდის ევროტურნირებზე შემორჩენაა წინსვლის მაჩვენებელი.
 თუმცა, ამ ხალხის არ მიკვირს, რადგან მათ უნდა ილაპარაკონ, მთავარია “ზემოთ” არ ეწყინოს ვინმეს და ფეხბურთში დასაქმებულ ნათესავ-ახლობლებს პრობლემა არ შეექმნათ. უბრალოდ საწყენია, როც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არაერთხელ ყოფილან და კარგი ინფრასტრუქტურა უნახავთ. ბუნებრივია, მინდვრის საფარის დაგების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ როდესაც ამბობ: “სტადიონი გავაკეთე”, უნდა დაკონკრეტდეს, იმ სარბიელზე რა გაკეთდა.
სამწუხაროდ, ევროტურნირებზე გამოსვლას მხოლოდ “დილა” აგრძელებს. თუმცა, სულ არაფერს, ერთი გუნდის ყოლა მაინც სჯობს. მითუმეტეს, დანიის “ორჰუსის” სახით შიდაქართლელებს იოლი მეტოქე ნამდვილად არ ჰყოლიათ, რაც განვლილმა მატჩებმა აჩვენა. გორელთა წარმატების საფუძველი დიდწილად გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების ყოლაა. მათ მაგალითზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მხოლოდ ახალგაზრდებით ფონს ვერ გახვალ. ქართული ყბადაღებული "გუნდების გაახალგაზრდავება" კი, კარგი არაფრის მომტანია. პრინციპში, საქართველოში გასაგებია, ამ გზას რატომ ირჩევენ. კლუბს არ აქვს ან არ სურს უფრო მეტი ფული გადაუხადოს გამოცდილ ფეხბურთელს.
“დილამ” აქცენტი გამოცდილებზე გააკეთა და ჯერჯერობით იხეირა. თუ გუნდის ბირთვი შენარჩუნდება, გორელები ახალ სეზონში საქართველოს ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იქნებიან. ხუთშაბათს გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე 9 ფეხბურთელი იყო, რომელთაც საქართველოს ნაკრებში უთამაშიათ. როგორც სტუმრად, ასევე საკუთარ მოედანზე “დილამ” თამაში შემოატრიალა და ამას გამოუცდელი მოთამაშეების ამარა ნამდვილად ვერ მოახერხებდა. ცალკე აღსანიშნავია მათე ვაწაძის თამაში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბომბარდირული თვისებებით უხვად არის დაჯილდოებული და ეს ფორვარდი საქართველოს ჩემპიონატისთვის ნამდვილად გადაზრდილია.
გორელების ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ერთი ცუდი ფაქტიც ახლდა. მართალია, ეს უშუალოდ გუნდს არ უკავშირდება, მაგრამ გვერდს მაინც ვერ ავუვლით. “დილას” დელეგაციის ორი წევრი დანიაში მაღაზიაში ქურდობისთვის დააკავეს, ხოლო ერთმა სამშობლოში დაბრუნება არ ისურვა. გუშინ, თამაშის შემდეგ თავად შევესწარი როგორ ეუბნებოდა გორელი ქომაგი კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელს: “ეს ქურდები რომ მიგყავთ, რა იქნება, მე წამიყვანოთო”. საქართველოში ხომ ნაკრებთან თუ კლუბთან ერთად წასვლა ცალკე თემაა. ხშირად, “ჩარტერებში” ისეთი ხალხი ხვდება, რომლებისთვის მთავარი “პაეზდკის მორტყმაა”, რომ შემდეგ სუფრაზე იტრაბახოს. არადა, ყოფილა შემთხვევები, რომ კლუბის პრესატაშე ან ფოტოგრაფი არ წაუყვანიათ ევროტურნირის მატჩზე.
საწყენია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე პირადად ვნახე თუ რამხელა ფიგურაა ნებისმიერ ნაკრებში პრესატაშე. ის ჩვეულებრივ “სტაფის” წევრია და იგივე ბერტ ვან მარვიიკი თუ იოახიმ ლიოვი ისე ესაუბრებოდნენ, როგორც თანაშემწეს. წარმოუდგენელია, რომ ამ ხალხს გარდა უშუალო ფუნქციების ვინმემ სხვა რამის კეთება დაავალოს. ისინი მატჩის დროს ჩვეულებისამებრ სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და ნაკრების განუყოფელ ნაწილად ითვლებოდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს იქამდე ძალიან შორი გზა აქვს გასავლელი.
ფრაზა “აზერბაიჯანმაც გაგვასწრო” უკვე აღარაა აქტუალური, არამედ რეალურია, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ერთი შეხედვით “ნეფთჩი” არ ჩანდა ის გუნდი, რომელსაც “ზესტაფონი” ვერ გაივლიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზესტაფონელებიც შარშანდელთან შედარებით გაცილებით დასუსტდნენ, ხოლო სათანადო შევსება ვერ მიიღეს. ორივე მატჩში გადამწყვეტი როლი ამ ფაქტორმა ითამაშა. “ნეფთჩის” უფრო მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა საკუთარ რიგებში ვიდრე იმერულ კლუბს. თანამედროვე ფეხბურთში ფინანსები ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს და ევროტურნირებმა ქართული გუნდების მიმართებაში ეს ერთხელ კიდევ დაამტკიცა. რაზეა საუბარი, როდესაც “ნეფთჩის” ერთ-ერთი ფანკლუბის ფოტოგრაფს ხელფასი 800 დოლარი აქვს.
ჩეხური “პლზენი”, რუსთავის “მეტალურგთან” დაპირისპირებაში ფავორიტი რომ იყო, ეს ქვემოქართლელთა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმაც კარგად უწყოდა და არც დაუმალავს. რუსთაველებმა რაც შეეძლოთ კი იბრძოლეს, მაგრამ “ძალა აღმართს ხნავს”. მითუმეტეს, დასამალი არაა, რომ კენჭისყრამ ქართული გუნდებიდან ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ “მეტალურგს” არგუნა. ამ დაპირისპირებაზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლი ჩეხი გულშემატკივრების მხრიდან გადადგმულ ერთ მეტად სასიამოვნო ნაბიჯს. “მიხეილ მესხზე” გამართული მატჩისას, მათ პლაკატი გადმოფინეს, რომელზეც ეწერა: “მოგესალმები დიმიტრი”. ჩეხები დიმიტრი ტატანაშვილს მიესალმნენ, რომელიც თავის დროზე “პლზენში” თამაშობდა. უდავოდ დასაფასებელი საქციელია, მით უფრო, რომ ჩეხმა ქომაგებმა ტატანაშვილისთვის არც ტაში დაიშურეს.  

 

ლაშა თაბაგარი
 

0.115982