საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები გიორგი მესაბლიშვილი (60 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) ბაქოს დიდ პრიზზე ნახევარფინალში გავიდნენ და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი და 80 სარეიტინგო ქულა უკვე გაინაღდეს.
კვარცხლბეკზე ასასვლელად მესაბლიშვილს ერთადერთი გამარჯვება ეყო, რადგან უმსუბუქეს წონაში მხოლოდ რვა მონაწილე მოგროვდა და ტურნირი პირდაპირ მეოთხედფინალებით გაიხსნა. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ლიბიელი მოჰამედ ეჰადი ელქავისაჰი იქნება. რეხვიაშვილმა ორი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ნახევარფინალში უზბეკ მირალი შარიპოვს დაეჭიდება.
დღესვე აზერბაიჯანულ ტატამზე გიორგი ბროლაშვილი (60 კგ), შალვა ქარდავა, სანდრო იაკობაშვილი (ორივე - 66 კგ) და ამბაკო ავალიანი (73 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე







