საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ჩელიაბინსკური მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღე წარუმატებელი გამოდგა. ტატამზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები: ნუგზარ ტატალაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გავიდნენ. 69-კაციან სატურნირო ბადეში წილისყრამ პირველ წრეში ორივე დაასვენა. მეორე-მესამე წრეებში კი ორივეს არც თუ ძლიერი მეტოქეები არგუნა.
ლაშა შავდათუაშვილმა ჩემპიონატი განელ ემანუელ ნარტეისთან შეხვედრით გახსნა და მეტოქეს უილეთოდ, ორი შიდოს ხარჯზე გასცდა, მოზამბიკელი ედსონ მადეირასაც გაფრთხილებებით მოუმთავრა საქმე, ოღონდ საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე.
მერვედფინალში კი ლაშა აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვს დაუპირისპირდა და ოქროს დროში, ვაზარზე დავარდა. ძირითად 5 წუთში ძიუდოისტებმა თითო ვაზარი შეასრულეს.
ნუგზარ ტატალაშვილისთვისაც მერვედფინალი აღმოჩნდა დაუძლეველი ზღუდე. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ყველაზე უკეთესრეიტინგიანი ქართველი ძიუდოისტი ჩრდილოკორეელ კუკ ჰიონ ჰონგთან მეორე წუთზე ვაზარით ჩამორჩა. დარჩენილ დროში მეტოქეს ძალიან აქტიურად შეუტია და ორჯერ გდებაც შეუსრულა, მაგრამ მსაჯმა ორივე ილეთი იუკოებად შეაფასა და მედლისთვის ბრძოლა ჰონგმა გააგრძელა.
ჩრდილოკორეელთან დაჭიდებამდე ტატალაშვილმა თურქმენეთის ნაკრების წევრ სამველ აირაპეტიანი ვაზარით ჩამოიცილა, სომეხ არმენ ნაზარიანს კი ოთხ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა.
მსოფლიოს ჩემპიონატის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი რიკი ნაკაია ავიდა, რომელმაც ფინალში ნუგზარ ტატალაშვილის მძლეველ კუკ ჰიონ ჰონგს ეფექტური სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე. ბრინჯაოს მედლებს კი რუსი მუსა მოგუშკოვი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელით მოჭიდავე მოლდოველი ვიქტორ სკვორტოვი დაეუფლნენ.
დღესვე ჩემპიონ-პრიზიორები 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქალებმაც გამოავლინეს. ჩემპიონატი წაუგებლად იქაც იაპონელმა სპორტსმენმა დაასრულა - ნაე უდაკამ გადამწყვეტ ბრძოლაში პორტუგალიელ ტელმა მონტეიროს აჯობა.
ხვალ მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდება. ჩვენთვის საინტერესო კი 81 კილოგრამი წონითი კატეგორიაა, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნაკრების დებიუტანტი უშანგი მარგიანი იჭიდავებენ.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 9 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი – 15 საათიდან.
ძიუდო
მსოფლიო ჩემპიონატი
ჩელიაბინსკი
27 აგვისტო
კაცები
73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია)
2 კუკ ჰიონ ჰონგი (ჩრდილოეთ კორეა)
3 ვიქტორ სკვორტოვი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
ქალები
57 კგ
1 ნაე უდაკა (იაპონია)
2 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)
3 სანე ვერჰაგენი (ჰოლანდია)