ძიუდო

20:32 | 7.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

მერვედფინალური კომპლექსი

ბაქოს დიდი პრიზის მეორე დღე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. ორივე წონაში, ტატამზე ორ-ორი ქართველი გავიდა და ოთხივე ერთსა და იმავე ეტაპზე – მერვედფინალში დამარცხდა.
წილისყრამ ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ლევან წიკლაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 81 კგ) პირდაპირ მეორე წრეში – მეთექვსმეტედფინალში განთესა. თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) კი ტურნირში პირველივე წრიდან ჩაერთო და შესაბამისად, თანაგუნდელებზე ერთი შეხვედრით მეტიც ჩაატარა - რუმინელ ადრიან ნიკოლაე მერგეს, 4 წუთში შესრულებული 2 ვაზარით გასცდა. კანადელი ნიკოლას ტრიტონი სამწუთნახევარში დააიპონა. ავსტრიელ პეტერ შარინგერთან კი ოქროს დროში იუკოთი წააგო.
ტატალაშვილმა დიდი პრიზი აზერბაიჯანელი ნადირ ბაბაიევის ვაზარით ძლევით გახსნა, ჰოლანდიელ დექს ელმონთან კი იპონით წააგო. წიკლაურისთვის დაუძლეველი ბარიერი ავსტრიელი პიტერ შარინგერი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა, მეოთხედფინალის საგზური ოქროს დროში, იუკოთი მოიპოვა. შარინგერთან დაპირისპირებამდე, ქართველმა ძიუდოისტმა თურქი ახმეტ სარი სამი გაფრთხილების გამო მიღებული ვაზარითა და ერთი შესრულებული იუკოთი ჩამოიცილა. ჭრიკიშვილმა უნგრელ შანდორ ნაგისოლიმოშს სამწუთნახევარში ორი ვაზარით მოუმთავრა საქმე, მაგრამ ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკასთან თავად დამარცხდა წმინდად.
73 კილოგრამში უზბეკური ფინალი შედგა. ნავრუზ ჟურაკობილოვმა მირალი შარიფოვს სძლია და ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედლებს კი ტატალაშვილის მომგები ელმონი და ჩეხი იარომირ იეზეკი დაეუფლნენ. 81 კილოგრამში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, გერმანელი ოლე ბიშოფი ავიდა. გადამწყვეტი გამარჯვება მან მასპინძელთა ჯილასთან, ელხან რაჯაბლისთან იზეიმა. მესამე ადგილებზე ბრაზილიელი ლეანდრო გილეირო და უკრაინელი არტემ ვასილენკო გავიდნენ.
მედლების მორიგი ორი კომპლექტი ქალებმაც გაითამაშეს. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველას ებრაელმა ალისე შლეზინგერმა აჯობა, ხოლო 70-ში ევროპის ჰოლანდიელმა ჩემპიონმა ედიტ ბოსხმა.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), კონსტანტინე მუკვანი, ალექსანდრე მსხალაძე (ორივე 100 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) მოირგებენ.
ლიპარტელიანი დიდ პრიზს გერმანელ კრისტოფ ლამბერტთან შეხვედრით გახსნის. თუ ჩამოიცილებს, ყაზახ ალექსანდრ კასაჩევსა და კამერუნელ დიეუდონ დოლასემს შორის მოგებულს დაუპირისპირდება, მეოთხედფინალში კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი კენან ნაგიევისა და ლიტველი კაროლის ბაუზას წყვილში გამარჯვებულთან იჭიდავებს. ლიპარტელიანისვე ბადეშია ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, უზბეკი დილშოდ ჩორიევი. მისი და ვარლამის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.
მუკვანი უკრაინელ არტემ ბლოშენკოს შეხვდება და მოგების შემთხვევაში, ლატვიელ ევგენიუს ბოროდავკოზე გავა. მსხალაძეს პირველ მეტოქედ რუსი ასხაბ კოსტოევი ერგო. ამ წყვილში საუკეთესოს კი, მეორე წრეში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი ელის. იღბლიანს ვერც მეტრეველის წილს ვუწოდებთ - ყაზახი ბეიბიტ ისტიბაევის ძლევის შემთხვევაში, ქართველი მძიმეწონოსანი მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანი ეგვიპტელის, ისლამ ელ შეჰაბის პირისპირ დადგება.



ძიუდო
დიდი პრიზი
ბაქო
7 მაისი


კაცები

73 კგ
1 ნავრუზ ჟურაკობილოვი (უზბეკეთი)
2 მირალი შარიფოვი (უზბეკეთი)
3 იარომირ იეზეკი (ჩეხეთი)
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)

81 კგ
1 ოლე ბიშოფი (გერმანია)
2 ელხან რაჯაბლი (აზერბაიჯანი)
3 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)
3 არტემ ვასილენკო (უკრაინა)

ქალები

63 კგ
1 ალისე შლეზინგერი (ისრაელი)
2 ურსკა ზოლნირი (სლოვენია)
3 ესტერ სტამი (ჰოლანდია)
3 ანიკა ვან ემდენი (ჰოლანდია)

70 კგ
1 ედიტ ბოსხი (ჰოლანდია)
2 ანეტ მესაროში (უნგრეთი)
3 ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია)
3 სესილია ბლანკო (ესპანეთი)

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171364