საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მოსკოვის დიდი სლემი ისე ჩაამთავრა, მედალს ვინ ჩივის, ჩასათვლელი გუნდური ქულაც ვერ მოიპოვა. ნაკრების ხუთი კადიდატიდან, მერვედფინალური ბარიერის გადალახვა ვერც ერთმა ვერ მოახერხა.
დღეს მედლები მამაკაცთა დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდა. ქართული დროშის ქვეშ ლევან ჟორჟოლიანმა, ალექსანდრე მსხალაძემ (ორივე 100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100 კგ) იჭიდავეს. სამივემ მხოლოდ თითოჯერ იმარჯვა.
შედარებით გამოსარჩევი ხანჯალიაშვილის გამოსვლაა. ქართველმა მძიმეწონოსანმა მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსან გერმანელთან, ანდრეას ტოლცერთან დაკარგა. ამ უკანასკნელის მიერ მოპოვებულ ვაზარს ხანჯალიაშვილმა მხოლოდ იუკოთი უპასუხა, რომელიც მეტოქის ორჯერ გაფრთხილების გამო მიიღო. ამ ორთაბრძოლამდე, ზვიადმა ყირგიზ იური კრაკოვეცკის წუთნახევარში მოუმთავრა საქმე, ორი ვაზარით.
ჟორჟოლიანისთვის დაუძლეველი ბარიერი უზბეკი რამზიდინ საიდოვი აღმოჩნდა. შეხვედრის ბედი საიდოვის ვაზარ-იუკომ გადაწყვიტა. ამ მერვედფინალურ დაპირისპირებამდე, ქართველი ძიუდოისტი კამერუნელ ფრანკ მარტალ მუსიმა ევანეს ერთადერთი იუკოთი გასცდა. მსხალაძემ დიდი სლემი უზბეკი უტკურ კურბანოვის წმინდად ძლევით გახსნა, მაგრამ ეგვიპტელ რამადან დარვიშთან ვეღარას გახდა.
მერვედფინალში დამარცხებული ქართველები პირად რეიტინგს მხოლოდ 36-36 ქულით გაიუმჯობესებენ. დიდი სლემის ჩემპიონობა სამას ქულად ფასობდა, მეორე ადგილი – ასოთხმოც ქულად. ნახევარფინალში დამარცხებულები ასოც ქულას მიიღებენ, ხოლო უიღბლო მეოთხედფინალისტები – სამოცს.
81 კილოგრამში ჩემპიონი გერმანელი სვენ მარეხი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში ტიტულოვან თანამემამულეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ოლე ბიშოფს აჯობა. ფინალში კი, ამერიკელ ტრევის სტივენსს სძლია. 90 კილოგრამში ოქროს საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ილიას ილიადისი დაეუფლა და მსოფლიოს რეიტინგში გასალიდერებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. 100-ში ტურნირი წაუგებლად უბერებელმა ებრაელმა არიელ ზეევმა ჩაამთავრა, ხოლო მძიმე წონაში – სამხრეთკორეელმა სო-ვან კიმმა.
მამაკაცთა ტურნირში მონაწილე 58 ქვეყნის ნაკრებიდან, გუნდური ჩათვლისთვის საჭირო ქულების მოპოვება 27-მა შეძლო. ქართული ხუთეული კი იმ ოცდათერთმეტ ნაკრებს შორისაა, რომელთაც დიდი სლემი უქულოდ ჩაიჭიდავეს.
დღეს კიმონო საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ნინო ოძელაშვილმაც (70 კგ) მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ - საწყის ეტაპზევე, მეორე ნომრად განთესილ სამხრეთკორეელ იე სულ ჰვანგს გადაეყარა და მტკივნეული ილეთით წააგო.
ქალთა ტურნირში დღის უმნიშვნელოვანესი ამბავი ჩინელი ვენ ტონგის სპორტში დაბრუნება იყო. 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებმა მძიმეწონოსანმა ბრწყინვალედ იჭიდავა და უმალ ოქროს მედლის გემო გაიხსენა. 70 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჰოლანდიელი ედიტ ბოსხი ავიდა, ხოლო 78-ში ყველას იაპონელმა აკარი ოგატამ აჯობა.
ოთარ მაღლაკელიძე
დიდი სლემი. მოსკოვი
29 მაისი
კაცები
81 კგ
1 სვენ მარეში (გერმანია)
2 ტრევის სტივენსი (აშშ)
3 ოლე ბიშოფი (გერმანია)
3 ისლამ ბოზბაიევი (ყაზახეთი)
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
2 დაიკი ნიშიამა (იაპონია)
3 ჰუგო პესანა (ბრაზილია)
3 რობერტო მელონი (იტალია)
100 კგ
1 არიელ ზეევი (ისრაელი)
2 სირილ მარე (საფრანგეთი)
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
3 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)
+100 კგ
1 სო-ვან კიმი (სამხრეთ კორეა)
2 დიმიტრი სტერხოვი (რუსეთი)
3 იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი)
3 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი)
ქალები
70 კგ
1 ედიტ ბოსხი (ჰოლანდია)
2 ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია)
3 ფეი ჩენი (ჩინეთი)
3 ჯულიან რობრა (შვეიცარია)
78 კგ
1 აკარი ოგატა (იაპონია)
2 აბიგელ იო (უნგრეთი)
3 ლუსი ლუე (საფრანგეთი)
3 მაირა აგიარი (ბრაზილია)
+78 კგ
1 ვენ ტონგი (ჩინეთი)
2 ნა-იუნ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
3 გულსაჰ კოჩათურქი (თურქეთი)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 რუსეთი 1 1 2 7 0
2 გერმანია 1 1 1 2 0
3 უზბეკეთი 1 0 2 2 0
4 სამხრეთ კორეა 1 0 1 1 0
5 საბერძნეთი 1 0 0 0 0
5 ისრაელი 1 0 0 0 0
5 ჰოლანდია 1 0 0 0 0
8 საფრანგეთი 0 2 0 0 0
9 იაპონია 0 1 1 0 0
9 პოლონეთი 0 1 1 0 0
28 საქართველო 0 0 0 0 0







