ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეებმა, ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემ (85 კგ), უზბეკეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი შეხვედრები მოიგეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
დათუნაშვილმა, პოლონელი არკადიუშ მარჩინ კულინიჩისა (8:0) და ბელარუსი ვალერი პალენსკის (4:2) ძლევის შემდეგ, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონს, ბულგარელ იავორ დიმიტროვ იანაკიევს სასურველი ფრით აჯობა - 2:2. ბულგარელმა თითო ქულა მეტოქის ხალიჩის მიღმა გაყვანით და გაფრთხილებით აიღო. დათუნაშვილმა ორქულიანი ილეთი შეასრულა.
ვლადიმერ გეგეშიძემ მეოთხედფინალში ჭიდაობის უფლება ტაჯიკი ისფანდიორ ლატიპოვის ადვილად დამარცხებით (10:1) მოიპოვა. იქამდე კი, ქართველმა მოჭიდავემ ევროპის 2012 წლის და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი, ბულგარელი ხრისტო დიანოვ მარინოვი ჩამოიშორა (4:3).
ვასილ მშვილდაძე