ჭადრაკი

13:15 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერის პირველი ყაიმი

ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2379), რომელიც თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს უმთავრესი იმედია, პირველი ყაიმი დააფიქსირა.

4 გამარჯვების და 1 მარცხის შემდეგ, არაბიძე თეთრი ფიგურებით ჩინელ იუე ვანგს (2392) დაუზავდა და 4.5 ქულა მოაგროვა. ცნობისთვის, ქართველი მოჭადრაკე ტურნირში მე-6 განთესვით ჩაება, ჩინელს კი მე-4 რეიტინგი გააჩნია, ამდენად, გასული პარტია ძალიან საინტერესო გახლდათ.

ამგვარად, არაბიძემ კიდევ 5 მოჭადრაკის დარად 4.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-8 ადგილზე აღმოჩნდა. ლიდერ ვარდა მედინას (ინდონეზია, 2301) 5.5 ქულა გააჩნია, მე-2 ადგილზე კი რუმინელი ირინა ბულმაგაა 5.0 ქულით. საინტერესოა, რომ მედინამ შავი ფიგურებით მსოფლიოს პირველობის უმთავრეს ფავორიტ ალინა კაშლინსკაიას (რუსეთი, 2434) აჯობა.

მე-7 ტურში არაბიძე შავებით ყაზახ დინარა სადუაკასოვას (2326) ეთამაშება, მედინა და ბულმაგა კი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან.

შავებით ითამაშებს გოგონათა ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ანა კუჭავა (2092). გასულ ტურში მან თეთრი ფიგურებით ინდონეზიელი ჩელსი სიჰიტე (2282) დაამარცხა და 3.5 ქულით 23-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში კუჭავა, რომელსაც მხოლოდ 37-ე განთესვა გააჩნია, შავებით ვიეტნამელ ტი მაი ნგუიენს (2222) ეთამაშება.

ვაჟთა ტურნირში 4.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით 21-ე საფეხურს უწია ზურაბ ჯავახაძემ. ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით მექსიკელ ლოზანო ბენიტესს (2308) სძლია, შემდეგი პარტია კი შავებით არაბეთის გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელ სალეჰ სალემთან (2570) ელის, რომელსაც მე-6 რეიტინგი გააჩნია, ჯავახაძე კი განთესვით 23-ე ნომერია.

ვაჟებში 5.5 ქულით ტურნირის აშკარა ფავორიტი იანგიი იუ (2662) ლიდერობს. ჩინელი დიდოსტატი რეიტინგით კონკურენტებს ბევრად აღემატება. მას 0.5 ქულით თურქი იპატოვი (2601), რუსი ელისეევი (2550) და ინდოელები – გროვერი (2479) და დებაშისი (2489) ჩამორჩებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 13 ტურად მიმდინარეობს და 26 სექტემბრამდე გასტანს, დასვენების დღედ კი 20 სექტემბერია გამოცხადებული.

0.137765