ფეხბურთი

21:56 | 9.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანი” უმცირესობაში დამარცხდა”

განსხვავებული მიზნებისათვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირებას თავისებური ინტრიგა თან ახლდა. მარტვილის “მერანის” ბევრ ფეხბურთელს და მათ მთავარ მწვრთნელს ზურაბ იონანიძეს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ზესტაფონში აქვთ გატარებული. ამასთან, საქართველოს ეროვნული პირველობების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ხელმძღვანელობით ჯერჯერობით “მერანს” მარცხი არ განეცადა. თავის მხრივ, შედეგიანად განაახლა ჩემპიონატი გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა “ზესტაფონმა”, რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ზედა ექვსეულისკენ. გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხი იძლევა იმის საშუალებას, რომ ვთქვათ – “ზესტაფონი” წლევანდელ ჩემპიონატში მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებს.

მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. პირველად სახიფათოდ მარტვილელთა კარის მიმართულებით რენე ფერირამ დაარტყა თავით, ბრაზილიელს ასისტენტობა გეწაძემ გაუწია. მე-13 წუთზე კი საბანაძემ დააქუხა დაახლოებით 27 მეტრიდან ძლიერად, მაგრამ მამალაძე და “მერანი” მარცხენა ძელმა გადაარჩინა. ამის შემდეგ დოლიძეს მიეცა ერთი შეხედვით, კარგი შანსი, რათა შეეტია მოწინააღმდეგის კარისათვის, მაგრამ მარტვილელებმა თავი კარგად დაიცვეს და სწრაფი კონტრშეტევაც განახოერციელეს, რომელიც მახვილი კუთხიდან ბენაშვილის ძლიერი დარტყმით დასრულდა. ფეროელთა სერბმა მეკარემ პავლოვიჩმა სიტუაცია სწორად განჭვრიტა და ბურთი მუშტებით იოლად მოიგერია.

მასპინძლებს სწრაფი გოლი არ გამოუვიდათ და პირველ ტაიმში ვერც ისეთი უპირატესობა მიიღეს, როგორსაც ელოდნენ. უფრო მეტიც, იყო პერიოდი, როდესაც იმერლებს ბურთის მეტოქის მოედანზე გადატანა გაუჭირდათ. რამდენიმეჯერ მათ პავლოვიჩის შეწუხებაც მოახერხეს, როდესაც მელიავა და რაფაელი ურტყამდნენ “ზესტაფონის” კარის მიმართულებით, თუმცა ამ სიტუაციებში ბალკანელი მეკარე დამაჯერებლად მოქმედებდა. მასპინძელთაგან, ყველაზე სახიფათოდ გეწაძემ შეუტია 38-ე წუთზე, როდესაც რეზომ ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა და საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, თუმც არც თუ ისე ძლიერად და მამალაძესაც არ გასჭირვებია დარტყმულის აღება. ცოტა ხანში ხიფათი უკვე ფეროელთა კართან შეიქმნა, როდესაც კუჭუხიძემ მიიღო ბურთი რამდენიმე მცველის გარემოცვაში, ფორვარდი შემობრუნდა და ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ პავლოვიჩი ამჯერადაც ადგილზე დაუხვდა ბურთს.

ტაიმის ბოლოს ზესტაფონელებმა მცირე შტურმი მოუწყვეს მეტოქეს, მაგრამ საქმე კარში დარტყმამდე არ მისულა. “მერანის” ფეხბურთელებმა თავგანწირული და გააზრებული თამაშის წყალობით შეძლეს მოწინააღმდეგის იერიშების მოგერიება და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა.   

მეორე ნახევარი ისევ მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, თუმცა “მერანი” თავს ისევ მწყობრად იცავდა. 50-ე წუთზე საბანაძე გადიოდა მეკარესთან პირისპირ კუხიანიძის გადაცემით, მაგრამ მამალაძემ დროულად დატოვა დასაცავი ობიექტი, ფეხებში ჩაუვარდა ფორვარდს და დარტყმის კუთხე მინიმუმამდე შეუმცირა. საბანაძის მცდელობა მარტვილელთა კიპერმა კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში სტანდარტულიდან ჰქონდათ თავის გამოჩენის საშუალება საბანაძეს, შარიქაძეს და ფანცულაიას, მაგრამ ამ უკანასკნელის დარტმა ასცდა მიზანს, ხოლო საწყის შემთხვევებში ბურთი საკუთარ თავზე “ცოცხალმა კედელმა” მიიღო. მე-60 წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ დაარტყა შორიდან უძლიერესად, მაგრამ მამალაძეს ამჯერად ხარიხა “წაეშველა”.  

სამწუხაროდ ცოტა ხანში მოედანზე ისე წარიმართა მოვლენები, რომ მატჩზე და მის მსვლელობაზე უარყოფითად იმოქმედა. 72-ე წუთზე მოედნის შუაგულში მარტვილელი კუჭუხიძე და მასპინძელი რენე ფერირა წაკინკლავდნენ. ფეხბურთელებს თავები ერთმანეთზე ჰქონდათ მიდებული, როდესაც ბრაზილიელი მიწაზე დავარდა. მსაჯმა მასპინძლები ყვითელი ბარათით დასაჯა, ხოლო “მერანის” ფორვარდ კუჭუხიძეს წითელი ბარათი უჩვენა.

ბუნებრივია, კაცნაკლულ “მერანს” კიდევ უფრო გაუჭირდა მასპინძელთა იერიშების მოგერიება. 81-ე წუთზე კი, მოედანზე შეცვლაზე გამოსული ჭანკოტაძის იდეალური გადაცემის წყალობით ნიკა საბანაძე მამალაძესთან პირისპირ დარჩა. ზესტაფონელთა ფორვარდი უზადოდ გაისარჯა, მან კიპერიც გააცურა და ზუსტი დარტყმით, ზესტაფონელთა ფანებს საოცარი სიამოვნება მიანიჭა – 1:0. დაწინაურების შემდეგ ფეროელებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ფანცულაიამ საბანაძის გადაცემა ვერ გამოიყენა. არადა, ახალგაზრდა ფორვარდი მეკარესთან პირისპირ იყო დარჩენილი, მამალაძემ აჯობა სისწრაფეში. 88-ე წუთზე კი ისევ ჭანკტაძის დიდებული გადაცემა და ამჯერად “მერანის” მეკარესთან პირისპირ დოლიძე აღმოჩნდა, რომელმაც ბურთიანად ირბინა და საჯარიმოს ხაზიდან მამალაძეს აუღებელი დაურტყა. დოლიძის გოლმა “დავით აბაშიძეზე” დაძაბულობა მოხსნა და მასპინძლებმაც მშვიდად მიიყვანეს საკმაოდ რთული მატჩი გამარჯვებამდე – 2:0    

ზურაბ იონანიძე (“მერანი”): “ვიცოდით მეტოქე გუნდის სიძლიერე, შესაბამისად, გუნდი განწყობილი იყო საბრძოლველად, რათა ქულა მაინც “გამოგვეღლიტა.” სამწუხაროდ ვერ შევძელით. ჩემი აზრით, ეს “მერანის” საუკეთესო მატჩი გახლავთ მიმდინარე წელს. რაც შეეხება იმ მომენტს, ძნელი სათქმელია რა მოხდა, რეალურად მოხდა დარტყმა, თუ სიმულაცია იყო, ამას ვიდეოფირის ნახვის შემდეგ გავარკვევთ”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”):  “წინასწარ ვგრძნობდით, რომ ძნელი მატჩი გველოდა. მეტოქე მაქსიმალურად იყო მობილიზებული. უპირატესობა გვქონდა, რომელიც ბოლოში გადავსახეთ გატანილ გოლებში, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდით”.

 

ზესტაფონი – მერანი 2:0 (0:0)

9 მარტი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 2500 მაყურებელი

ზესტაფონი:  პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 67), საბანაზე, დოლიძე, გეწაძე (ჭანტურიშვილი, 46), ტატანაშვილი (ფანცულაია, 46).

მთავარი მწვრთნელი:  გია გეგუჩაძე

მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჯოჯუა (ციცხვაია, 85), რაფაელი, ბენაშვილი, ფონიავა (გაგა ჩხეტიანი, 84), ბაბუნაშვილი (გეგეჭკორი, 56), კუჭუხიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე

გოლები: 1:0 საბანაძე (81), დოლიძე (88),   

გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (12), იობაშვილი (13), დოლიძე (27), გაბუნია (67), რენე ფერეირა (73), ბენაშვილი (83).

გაძევება: კუჭუხიძე (73).  

არბიტრი: თემურ ხუჭუა (სამტრედია)

0.11606