საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასის მერვედფანალის საპასუხო შეხვედრა მარტვილის "მერანმა" ლანჩხუთის "გურიას" წინააღმდეგ ისევ სამტრედიაში გამართა.
შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნულ ორივე კლუბს სტადიონის პრობლემა აქვს და შინ გასამართ მატჩებს "მერანი" სამტრედიაში ატარებს, "გურია" კი ქობულეთში. სათასო დაპირისპირების ორივე შეხვედრა, გუნდების შეთანხმებით, სამტრედიაში გაიმართა.
პირველი მატჩი გურულებმა 1-2 დათმეს და დღევანდელ შეხვედრაში მათი მოტივაცია გაორმაგებული იყო, თუმცა არც მარტვილელებს აკლდათ მოტივაცია - მათ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა წააგეს და "გამოფხიზლების" დრო იყო, თან არც 2-1 იყო ის ანგარიში, მარტვილელებს მშვიდად რომ გაეგორებინათ ბურთი.
"მერანის" ახალი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი საკადრო პრობლემებით შეხვდა ამ მატჩს. მარტვილელებს ტრავმების გამო, ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ შულაიას და კუჭუხიძის ჩათვლით.
მატჩი გურულების შეტევებით დაიწყო და მათ საწყის წუთებშივე ჰქონდათ ანგარიშის გახსნის კარგი შანსი.
პირველი სახიფათო მომენტი კობა შალამბერიძემ მე-8 წუთზე შექმნა, მის მიერ "მერანის" საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კარისკენ წავიდა და რომ არა ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის, მელიავას უშეცდომო თამაში, გოლი გარდაუვალი ჩანდა - მელიავამ თავით კუთხურზე მოიგერია ბურთი.
26-ე წუთზე, ისევ შეუტიეს გურულებმა, შენგელიამ კარგად ჩააწოდა კუთხური, საჯარიმოდან გამოვარდნილი ბურთი ჯიშკარიანს მიუვიდა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა.
28-ე წუთზე კი, მარტვილელებმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრეს ბურთი ხუბუა_ხარჩილაძის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად, მაგრამ ხუბუამ ითამაშა კარგად და კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.
31-ე წუთზე, გურულების შეტევას "მერანის" კონტრიერიში მოჰყვა -ბაბუნაშვილმა საჯარიმოში მყოფ კვანტალიანს გამოზომილი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
ტაიმი ფრედ 0-0 მორჩა.
მეორე ტაიმში "მერანი" უფრო "ფხიზლად" გამოვიდა და მელქაძისთვის ოდნავ რომ გაეღიმა საფეხბურთო ფორტუნას, ანგარიში გაიხსნებოდა. საჯარიმოს მისადგომებიდან მისი უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი მეტოქე გუნდის კარის ზედა ძელმა აისხლიტა.
"გურიას" ორი გოლი ჰქონდა გასატანი და გაორმაგებული ენერგიით ცდილობდნენ ფეხბურთელები მეტოქის კარის დალაშქრავს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ "გურიას" საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ჯიშკარიანი-კოშკაძის დუეტი, ეს ორი ფეხბურთელი უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შექმნეს.
55-ე წუთზე, "მერანის კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა თენგიზ ჩიკვილაძე შეასრულა და ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა. ჩიკვილაძის დარტყმა იმდენად ზუსტი იყო, რომ მეკარემ რეაქციის გაკეთებაც ვერ მოასწრო.
გურულებს თითქოს შანსი გაუჩნდათ მეოთხედფინალში გასვლის, მათ ხომ ერთი გოლი აშორებდათ მიზანს, თუმცა მატჩის 69-ე წუთზე კიჭი მელიავამ მარტვილელთა მეოთხედფინალში გასვლის საკითხი გადაწყვიტა.
მელიავამ გეგეჭკორისგან მიიღო გადაცემა, საჯარიმოში ერთი მცველი კარგად ჩამოიშორა და ძლიერად დაარტყა, მეკარე უძლური იყო - 1-1.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე, "გურიას" შეეძლო თამაში დამატებით დროში გადაეყვანა, გურულთა მეკარეც ჩაერთო შეტევაში და მის მიერ ჩაწოდებული ბურთი, ექსმერანელმა იობაშვილმა მიიღო, თუმცა "გურიას" მცველს დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
საბოლოოდ, მატჩი ფრედ 1-1 მორჩა და პირველი შეხვედრის ანგარიშიდან (2-1) გამომდინარე, დ. ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალში მარტვილის "მერანი" გავიდა.
"მერანი": (მარტვილი) - "გურია" (ლანჩხუთი) 1-1 (0-0)
30 ოქტომბერი. 14:00. სამტრედია. ე. მანჯგალაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი. 200 მაყურებელი
"მერანი": ხარშილაძე, მელიავა, ღონღაძე, ფარულავა, ხუბუა, კერძევაძე, ქათამაძე, ციკოლოა ( გეგეჭკორი 60), ფონიავა, ბაბუნაშვილი (მელქაძე 37), კვანტალიანი (ქაქუზაშვილი 79)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
"გურია": ბობღიაშვილი, შალამბერიძე, იობაშვილი, შუმეიკო, ჩიკვილაძე, კილაძე (დარჩიძე 70), ძამსაშვილი (ჯოჯუა 46), შენგელია (ჩაგელიშვილი), კოშკაძე, ჯიშკარიანი, ისიანი.
მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა
გოლები: ჩიკვილაძე (55), მელიავა (69)
გაფრთხილება: ძამსაშვილი (33), შალამბერიძე (48), ღონღაძე (53), ჯოჯუა (86)
მთავარი მსაჯი: თემურ ხუჭუა (სამტრედია)
ედემი ელერჯია