კალათბურთი

14:11 | 12.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ რატიშვილი – პირველი ქართველი კომისარი ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე

პირველად მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველი კომისარი მიიწვიეს. აქამდე სანაკრებო დონეზე კონტინენტის პირველობაზე ქართველ კომისარს არ უმუშავია და ეს პატივი წილად ხვდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ფიბა-ს კომისარ მერაბ რატიშვილს, რომელიც ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს მოემსახურება. ამასთან,  წლეულს პირველად ხდება, რომ საქართველოს მოქმედი ყველა ფიბა-ს არბიტრი თუ კომისარი ზაფხულში სანაკრებო პირველობებზეა დაკავებული.

- საკმაოდ მოულოდნელი იყო, რომ ევროპის ჩემპიონატიდან მოწვევა მივიღე. აქამდე ეროვნული ნაკრებების დონეზე რამდენიმე შესარჩევ მატჩზე მიმუშავია, თუმცა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპი მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა – გვითხრა მერაბ რატიშვილმა, რომელსაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.

- როგორია კომისრის მუშაობის სპეციფიკა ფინალურ ეტაპზე და რომელი მატჩების მომსახურება მოგიწევთ?

- ასაკობრივ ჩემპიონატებს 4 კომისარი ემსახურება, საიდანაც 1 მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელია, დანარჩენი 3 კი იმ ქვეყნების, რომლებიც ტურნირში არ მონაწილეობენ. 18-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონს ლატვია უმასპინძლებს. პირველ ეტაპზე მე იმ ჯგუფში ვიმუშავებ, რომელსაც ქალაქი ლიეპაია უმასპინძლებს, შემდეგ კი, პლეი ოფიდან, რიგაში გადავინაცვლებთ. წინასწარ არ ვიცი, რომელ მატჩებზე მომიწევს მუშაობა, თუმცა ლატვიაში ჩემპიონატის ბოლომდე დავრჩები და დღეში მინიმუმ 2 მატჩზე ვიმუშავებ.

- ქართველი მსაჯი არაა მიწვეული 18-წლამდელთა პირველობაზე?

- კონკრეტულად 18-წლამდელების ფინალურ ეტაპზე არა, მაგრამ ქართველი მსაჯები სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ტურნირებს მოემსახურნენ და მოემსახურებიან ამ ზაფხულში. პირველად ხდება, რომ ზაფხულში ყველა მოქმედი ქართველი მსაჯი და კომისარი ევროპის ჩემპიონატებზე არიან დაკავებულნი.

- და მათ შორის ეროვნული ნაკრებების დონეზეც...

- რა თქმა უნდა. მაკა კუპატაძემ უკვე იმსაჯა ევროპის ქალთა ჩემპიონატზე და დიდი წარმატება იყო, როცა მას ამ ტურნირის მე-3 ადგილისთვის მატჩი ანდეს. ამჟამად, მაკა თურქეთში მიმდინარე 20 წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს მსაჯობს, ხოლო აგვისტოში 18 წლამდე გოგონათა კონტინენტის პირველობაზე იქნება დაკავებული.

- ევრობასკეტ 2013-ზე კვლავ დავით ბერეკაშვილი იმუშავებს?

- დიახ, დავითს ზედიზედ მეორედ უწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მსაჯობა. იგი ამჟამად ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მუშაობს, რომელიც ესტონეთში მიმდინარეობს და სადაც საქართველოც მონაწილეობს.

- ბარემ დანარჩენი ქართველი მსაჯების ევროგანრიგზეც გვითხარით...

- ზაზა მაჩალაძე 18-28 ივლისს მაკედონიაში გასამართ 18-წლამდელთა B დივიზიონის მატჩებს მოემსახურება. პირველი საერთაშორისო გამოცდა ელით ირაკლი და დავით ბერიშვილებს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ მიიღეს ფიბა-ს არბიტრის ლიცენზია. ირაკლი აგვისტოში, კიევში გასამართ 16-წლამდე ვაჟების A დივიზიონის მატჩებს მოემსახურება, ხოლო დავითი საქართველოს ნაკრებს გაჰყვება ბოსნიაში, სადაც 16-წლამდელთა B დივიზიონში იმსაჯებს.

- ქართველი მსაჯ-კომისრების ასეთი დატვირთულობა მათი კვლიფიკაციის ამაღლების შედეგია?

- რა თქმა უნდა, რაც დრო გადის და საერთაშორისო ასპარეზზე უწევთ მუშაობა, ქართველი მსაჯ-კომისრების კვალიფიკაცია მაღლდება და შესაბამისად, ფიბა-ევროპისგან ნდობაც იზრდება.

www.gbf.ge

0.121219