ფეხბურთი

14:27 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ გიგაური: "მიხარია, რომ დებიუტი მქონდა და მოვიგეთ"

როგორც იცით, ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში ოთხთა ტურნირის პირველი მატჩი მოგებით დაასრულა - ალბანეთს 2:0 სძლია. 21-წლამდელებში დებიუტი ჰქონდა ქუთაისის "ტორპედოს" საყრდენ ნახევარმცველ მერაბ გიგაურს.

"მსოფლიო სპორტი" გიგაურს დაუკავშირდა:

- რას იტყვით ნაკრების ალბანეთთან თამაშზე?

-  თავიდანვე საბრძოლო განწყობა იყო გუნდში და მხოლოდ მოსაგებად გავდიოდით. სხვა არაფერზე არ ვფიქრობდით. გუშინდელ მატჩში აუცილებლად უნდა მოგვეგო და ბიჭებმა ყველაფერი ჩავდეთ. ალბანელებს აშკარად ვაჯობეთ. დებიუტი მქონდა. ჩემი ოცნებაც ისაა, რომ საქართველოს სახელი დავიცვა.

- პირადად თქვენ თამაშზე გვითხარით.

- ბოლო 20-25 წუთი ვიყავი მოედანზე. ჩემს თამაშზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს. კმაყოფილი არასდროს არ ვარ. მიხარია, რომ ნაკრებში გამომიძახეს. მწვრთნელი მენდო და შეცვლაზე შემიყვანა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნაკრებში ჩემი წვლილი შევიტანო.

- ბოლო პერიოდში "ტორპედოს" სასტარტოშიც დამკვიდრდით.

-  ცუდ ფორმაში რომ ვიყო და არ ვიმსახურებდე, ისე არ დამაყენებდნენ. ალბათ, ნორმალურ ფორმაში ვარ და მწვრთნელიც მენდობა. ძალიან ბევრს ნიშნავს ნდობა, ეს ფეხბურთელისთვის უმთავრესია.  

- ამ სეზონში "ტორპედოს" მაქსიმუმი რა იქნება?

- სამეულში უნდა შევიდეთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. ასევე, ვეცდებით, საქართველოს თასი ქუთაისში ჩავიტანოთ.

- თქვენი აზრით, "ტორპედო" რით გამოირჩევა?

- შემტევი ფეხბურთით. მუდამ ვცდილობთ, შეტევაზე ორიენტირებულებმა ვითამაშოთ. ამას დავუმატოთ გუნდურობა, ერთსულოვნება.

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121212