გასულ ზაფხულს იტალიური “მილანიდან” ბევრი სახელიანი ფეხბურთელი წავიდა, ხოლო ის ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც ახლა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აშენებს, გუნდის უკვე ვეტერანს, 30 წლის ფრანგ დამცველ ფილიპ მექსესს “გრძელვადიან პროექტად” მიაჩნია.
შარშან “მილანი” ისეთმა ვარსკვლავებმა დატოვეს, როგორებიც იყვნენ: ჯენარო გატუზო, ალესანდრო ნესტა, კლარენს ზეედორფი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა…- მართლაც შთამბეჭდავი კრებულია. მაგრამ მილანელებს წარსულის მოგონებებით ცხოვრება არ დაუწყიათ და გაბედულად ენდნენ ახალგაზრდებს. შტეფან ელ-შაარავიმ და მატია დე შილიომ ახალი ფერები შესძინეს გუნდს, “სიტიდან” მარიო ბალოტელის გადასვლამ ხომ საერთოდ დახატა იქაურობა. “ეს ახალი თაობაა. მართალია ჯერ გამოუცდელები არიან, მაგრამ სასიამოვნოა, რომ თავისი სტილი უკვე დაატყვეს გუნდს, - ამბობს მექსესი, - ისინი ენთუზიაზმით სავსენი არიან და ბევრი სარგებელის მოტანა შეუძლიათ ლეგენდარული კლუბისთვის. ჯან-ღონით სავსე არიან და ვარჯიშებზე თავს არ ზოგავენ. ვფიქრობ, “მილანს” მათი იმედი დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს.”
ჩემპიონთა ლიგაში მათი მომავალი მეტოქე, 20 თებერვალს, მრისხანე “ბარსელონაა.” ესენი შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ კატალონიელებმა ჯამში 3:1 გაიმარჯვეს. მექსესი ორივე მატჩში მონაწილეობდა და მიაჩნია, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება: “ჩვენ წყვილის აუტსაიდერად ვითვლებით, მაგრამ, ვფიქრობ, ინტრიგა ბოლო წუთამდე შენარჩუნდება. შარშანდელთან შედარებით გაახალგაზრდავებული შემადგენლობა გვყავს, მაგრამ “მილანი” ყოველთვის “მილანია” და ამ სახელისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ” – დასძენს მექსესი.