საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის IV ტური ერთი კვირის წინანდელის მსგავსად ნაკლულად გაიმართება. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად თამაშის გადადების მიზეზი ტრავმები და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაა.
გასულ უქმეებზე თბილისის “არმიასა” და “ბათუმის” დაპირისპირება 17 ნოემბრისთვის იმის გამო გადაიდო, რომ არმიელებს წამყვან მორაგბეთა დიდი ნაწილი საქართველოს 7-კაცა ნაკრებში ჰყავდა მივლინებული. ახლა კი, არ ჩატარდება ორი აუტსაიდერის, ჯერჯერობთ ვერცერთი თამაშის მომგები რუსთავის “ხარებისა” და თბილისის “აკადემიას” შეხვედრა.
“დებულებაში არის მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ რომელიმე გუნდის 10 ან მეტი მოთამაშე, რომელმაც წინა ტურის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ტრავმირებულია, ამ გუნდს შეუძლია თამაშის გადადება მოითხოვოს. ამ შემთხვევაში მსგავს სიტუაციაში რუსთავის “ხარებია”. თამაშის გადადება ითხოვეს და ეს მოთხოვნა სრულიად კანონიერად დაკმაყოფილდა” - უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა.
ზემოთ ნახსენებ თამაშს უნდა გაერკვია ვინ შეწყვეტდა წარუმატებელ სერიას, მაგრამ ეს ამბავი სამომავლოდ გადაიდო, დანარჩენ ოთხ შეხვედრაში კი, მაყურებელს საინტერესო თამაშები ელის. ტური შაბათს, თბილისში, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე 15 საათზე, ლიდერთა ჯახით გაიხსნება.
თბილისის “არმაზი” ბოლნისის “ყოჩებს” ეთამაშება. ეს ის გუნდებია, მიმდინარე სეზონი წარმატებულად რომ დაიწყეს და ცხრილის სათავეში არიან. არმაზელებმა შემადგენლობა რომ გააძლიერეს, პირველ ტურში ბათუმელები პრემიალური ქულით დაამარცხეს, მერე “ლოკომოტივს” სძლიეს, გასულ ტურში კი, “ჯიქები” სათანადოდ ვერ დააფასეს, შემადგენლობას გაუფრთხილდნენ, ჯარიმები კარში არ ურტყეს და ეს მარცხად დაუჯდათ, ოღონდ პრემიალური ქულის აღება მაინც მოახერხეს.
სეზონის წინ გაძლიერდა “ყოჩებიც”, რომელმაც მორაგბეთა ნაწილი დაიბრუნა, რაც მის შედეგებზეც აისახა. “ლელოს” სენსაციური ძლევის შემდეგ ბოლნისელები “ჯიქებს” დაუზავდნენ და ერთი კვირის წინათ “აკადემია” მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. ამრიგად, საქართველოს უძლეველი კლუბი წლეულს დაუმარცხებელია და ამ სერიის გაგრძელებას ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტთან ეცდება.
შაბათსვე, ორი საათის შემდეგ, ქალაქის მეორე ბოლოში მეორე ცენტრალური თამაში იწყება. ეს ცუდია, რადგან ორივე თამაშის ხილვის მსურველი გულშემატკივარი, საუკეთესო შემთხვევაში “ავჭალაზე” მხოლოდ მეორე ტაიმისთვის თუ მივა. იქ დედაქალაქურ დერბიში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი” ამბიციურ “არმიას” ეთამაშება. ეჭვგარეშეა, ორივე გუნდი უმაღლეს ადგილს უმიზნებს და ბრძოლაც საინტერესო იქნება.
“ლოკომოტივმა” ძლიერი სპონსორის დაბრუნების შემდეგ ამბიციების წარმოჩენა მოედანზე დაიწყო და წინა ტურში “აია” ქუთაისში დაამარცხა - 15:12. მაგრამ ამ გუნდს შეთამაშება აკლია და ეს კიდევ უფრო ადრე “არმაზთან” მარცხით დადასტურდა, მანამდე კი, “ლოკომოტივმა” “ჯიქებს” დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულით აჯობა.
ამბიცია არა და შეთამაშება აკლია “აიასაც”, რომელმაც “ხარებისა” და “ბათუმის” ძლევის შემდეგ, საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. “არმია” მომავალ თამაშს თითქოს დასვენებული ხვდება, მაგრამ გუნდის ლიდერებმა შაბათ-კვირას საქართველოს 7-კაცა ნაკრების სახელით ბუქარესტის ევროპის გრან-პრიზე იბურთავეს, ამას დაუმატეთ მგზავრობა, ასე რომ, ზოგიერთისთვის დასვენება სხვებისთვის შესაძლოა უფრო დამღლელიც აღმოჩნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, შაბათს მაყურებელს “შევარდენსა” თუ “ავჭალაზე” საინტერესო ბრძოლები ელის და არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
კვირას ზღვისპირეთს ეწვევა ქვეყნის ჩემპიონი თბილისის “ლელო”, რომელმაც პირველ ტურში მარცხის შემდეგ, ზედიზედ ორი თამაში პრემიალური ქულით მოიგო და ახლაც იმავეს ეცდება. “ბათუმი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ სეზონში ქულაც არ აუღია, თანაც გასულ კვირაში მან სუფთად დაისვენა და ნავსის გატეხვას ეცდება. ეს თამაში “ანგისაზე” 15 საათზე დაიწყება.
17 საათზე იწყება ტურის ბოლო მატჩი თბილისის “ჯიქებსა” და ქუთაისის “აიას” შორის, რომელსაც “ავჭალა” უმასპინძლებს. “ჯიქებმა” მებრძოლი სული შარშანდელი გათამაშებიდან გამოიყოლეს, პირველ წრეში სულ ბოლოს მცირედით დამარცხდნენ, მერე ფრეს გამორჩნენ, ერთი კვირის წინათ კი, მცირედით იმარჯვეს. ამ ლოგიკით, მათთვის ახლა დამაჯერებელი გამარჯვების დრო დადგა, მაგრამ “აიამ” ბოლო დროს ლიდერის პოზიციები დაიბრუნა და “ლოკომოტივთან” მარცხის შემდეგ, დაკარგულის ანაზღაურებას თბილისში “ჯიქებთან” ეცდებიან.
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. IV რაუნდი
28 სექტემბერი
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - არმია (თბილისი)
ხარები (რუსთავი) – აკადემია (თბილისი) (გადაიდო)
29 სექტემბერი
ბათუმი. ანგისა. 15:00 საათი
ბათუმი (ბათუმი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი
ჯიქები (თბილისი) - აია (ქუთაისი)
1 | ყოჩები | 3 | 2 | 1 | 0 | 70-44 | 10 |
2 | არმაზი | 3 | 2 | 0 | 1 | 83-49 | 10 |
3 | აია | 3 | 2 | 0 | 1 | 47-36 | 10 |
4 | ლელო | 3 | 2 | 0 | 1 | 92-54 | 10 |
5 | არმია | 2 | 2 | 0 | 0 | 59-20 | 9 |
6 | ლოკომოტივი | 3 | 2 | 0 | 1 | 41-50 | 8 |
7 | ჯიქები | 3 | 1 | 1 | 1 | 64-64 | 7 |
8 | ხარები | 3 | 0 | 0 | 3 | 39-92 | 1 |
9 | აკადემია | 3 | 0 | 0 | 3 | 24-79 | 1 |
10 | ბათუმი | 2 | 0 | 0 | 2 | 26-57 | 0 |