წესების გარეშე მებრძოლთა ქართული კლუბი “ჯეო ფაიტი”, “ერთა მეგობრობის თასის” მე-13 ეტაპზეც ისევე სუსტად გამოვიდა, როგორც სამიოდე კვირის წინ, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ მე-12 ეტაპზე. ცნობილი ორგანიზაცია “PROFC”-ს მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ქართულმა ხუთეულმა მორიგი მარცხი იწვნია.
“ჯეო ფაიტის” მეტოქე ამჯერადაც რუსული კლუბი იყო – სანქტ პეტერბურგის “AE Team”. მე-13 ეტაპს ხარკოვმა უმასპინძლა.
თბილისური წარუმატებლობის შემდეგ, ქართულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განხორციელდა, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა. სამივე ახალი მებრძოლი ვადაზე ადრე დამარცხდა. 70 კილოგრამში მოჩხუბარი პაატა რობაქიძე სამკუთხედად წოდებულ ილეთზე წამოეგო და გონება დაკარგა. დავით ქრისტესაშვილმა (93 კგ) მახრჩობელათი წააგო, მძიმეწონოსან ილია ჯადუგიშვილს კი მსაჯმა ცხვირის ტრავმის გამო ნაადრევად შეაწყვეტინა ბრძოლა. ზედიზედ მეორე სწრაფი მარცხი იწვნია ლუხუმ ხულელიძემ (84 კგ). რობაქიძის მსგავსად, ისიც “სამკუთხედით” გამოიჭირა მეტოქემ და სწრაფადვე დანებდა. ყველაზე ღირსეულად კი თბილისური ეტაპის მსგავსად, ხარკოვშიც გოჩა სმოიანმა (76 კგ) იჩხუბა. 19 წლის სპორტსმენი თავისზე ბევრად გამოცდილ მოწინააღმდეგეს, ალექსანდრ ბუტენკოს ორი 5-წუთიანი რაუნდი თანაბრად ებრძოლა და ქულების მინიმალური სხვაობით მხოლოდ იმიტომ დამარცხდა, რომ პირველ რაუნდში წესის დარღვევის გამო მსაჯისგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.
ხარკოვულ ეტაპზე კიდევ ორი გუნდური დაპირისპირება შედგა და ორივე ერთნაირი ანგარიშით – 3:2 დასრულდა. ბელარუსულმა “Akademia MMA”-მ პოლონურ “Team MMA Rocks”-ს მოუგო, ხოლო აზერბაიჯანულმა “ნეფჩიმ” - უკრაინულ “Pro Team Peresvit”-ს.
“ერთა მეგობრობის თასის” მე-14 ეტაპის შეხვედრები 26 მარტს, როსტოვში გაიმართება და ქართველთა გარეშე ჩაივლის. რუსული კლუბები “Peresvet FT” და “AE Team” ბელარუსულ “Akademia MMA”-ს და უკრაინულ “Combat DOBRO”-ს დაუპირისპირდებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







