ფილიპინელმა მენი პაკიაომ, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ყველა წონითი კატეგორიის საუკეთესო პროფესიონალ მოკრივედ მოიხსენიებენ, პირადი მწვრთნელი ფრედი როუჩი სამჯერ ჩააგდო ნოკდაუნში. ეს ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მოხდა. პაკიაო მექსიკელ ანტონიო მარგარიტოსთან ბრძოლისთვის ემზადება.
როუჩის ნოკდაუნების შესახებ ინტერნეტ-გამოცემა boxingscene.com-ს მოკრივის პრომოუთერმა ბობ არუმმა აცნობა, ოღონდ დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, აქაოდა ჩემი თვალით არ მიყურებია, მენის აგენტმა მაიკლ კონსმა მითხრაო.
ბობ არუმმა, რომელიც თავადაა პაკიაო-მარგარიტოს ბრძოლის ორგანიზატორი, განაცხადა, რომ ახლახან მექსიკელის მთავარ მწვრთნელს, რობერტ გარსიას ესაუბრა და შეიტყო, რომ ფილიპინელის მოწინააღმდეგეც სრული სერიოზულობით ემზადება და მომავალ დაპირისპირებას საუკეთესო სპორტული ფორმით ხვდება.
მენი პაკიაო და ანტონიო მარგარიტო რინგზე 13 ნოემბერს, დალასში ავლენ. გამარჯვებული კი 69,9 კილოგრამ წონით კატეგორიაში WBC-ის (მსოფლიოს კრივის კავშირის) ვერსიით მსოფლიოს უძლიერესი მოკრივის ტიტულს მოიპოვებს და საჩემპიონო ქამარს მოირგებს.
ოთარ მაღლაკელიძე







