სხვა

18:56 | 2.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

მენი მეტოქეს მანილაში შეარჩევს

ფილიპინელი მენი პაკიაოს მომავალი მეტოქის ვინაობა ჯერაც უცნობია. 8 წონითი კატეგორიის მსოფლიოს ჩემპიონი, რომელსაც ხშირად პლანეტის საუკეთესო პროფესიონალ მოკრივედაც მოიხსენიებენ, არჩევანს 3 სავარაუდო მოწინააღმდეგიდან ერთ-ერთზე შეაჩერებს. შესაძლოა, სულაც, სამივე ვარიანტი ჩაიშალოს. ეს მაშინ, თუ პაკიაოსა და ამერიკელი ფლოიდ მეივეზერის გუნდის წევრები ბოლოს და ბოლოს ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ და შეხვედრას დაგეგმავენ.
მენი პაკიაოს პრომოუთერის, ბობ არუმის მიერ სააგენტო “როიტერისთვის” გაკეთებული კომენტარის თანახმად, ამჯერად მეივეზერის ვარიანტზე გაცილებით რეალური სამ მოკრივეს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაა. ესენი არიან: პირველ საშუალო წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, ამერიკელი შეინ მოსლი, WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, ასევე ამერიკელი ანდრე ბერტო და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესი, რომელიც WBO-ისა და WBA-ის ვერსიების საჩემპიონო ქამრების მფლობელია, მსუბუქ წონაში.
არუმი საბოლოო არჩევანის უფლებას თავად მოკრივეს აძლევს. პასუხს კი სავარაუდოდ 17 დეკემბრისთვის ელოდება. ამ დღეს მენი მანილაში 32 წლის იუბილის აღნიშვნას აპირებს.
ბოლო შეხვედრა მენი პაკიაომ 13 ნოემბერს არლინგტონში ჩაატარა და მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დიდი უპირატესობით დაამარცხა. შემდეგ შეხვედრას კი, წინასწარი ინფორმაციით, 16 აპრილს, ლას ვეგასი უმასპინძლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168306