დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული სპორტის მუზეუმსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმით გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა ახალგაზრდა და უმცროსი თაობის მოჭადრაკეებისთვის, ქართულის სპორტის მუზეუმში დაცული თასების, მედლებისა თუ სხვა მასალების გაცნობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მხარეების რესურსის საერთო მიზნებისთვის გამოყენება, ერთობლივი ძალისხმევით ვეტერანი მოჭადრაკეების საიუბილეო და გამორჩეული თარიღების აღნიშვნა და სხვა.
“მოხარული ვარ, რომ სპორტის მუზეუმთან ეს მემორანდუმი გავაფორმეთ. ჩვენ არაერთ კარგ ღონისძიებას ვგეგმავთ და დროდადრო პატარებს ქართული ჭადრაკის ისტორიას მაქსიმალურად დეტალურად გავაცნობთ. სასიამოვნოა, რომ მემორანდუმის გაფორმება ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის მორიგ წარმატებას დაემთხვა – კლუბი “ნონა”, რომელიც ოლიმპიური ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული, წარმატებით ასპარეზობს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც გამარჯვებულის ტიტულს ორი ტური აშორებს”, - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.
“ჭადრაკის ფედერაცია გულისხმიერებით გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და მოხარული ვარ, ეს მემორანდუმი რომ გაფორმდა. ჩვენს მუზეუმში არაერთი საინტერესო ნივთი, თასი თუ წიგნია დაცული, რომლის გაცნობა, დარწმუნებული ვარ, მომავალ მოჭადრაკეებს ახალი კუთხით გააცნობს საყვარელ საქმეს. ვიმედოვნებ, წლების შემდეგ არაერთი პატარა დიდ ასპარეზზე მოპოვებულ პრიზებს და მედლებს ჩვენს მუზეუმს უსახსოვრებს”, - განუცხადა ჟურნალისტებს ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.
www.gcf.org.ge