აშშ-ს ქალაქ მემფისში მიმდინარეობს ხუთასიანი კატეგორიის მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 1212750 ამერიკული დოლარია. გუშინ ორი ნახევარფინალური დაპირისპირება გაიმართა და ფინალისტებიც გამოვლინდნენ.
პირველ ნახევარფინალში ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი კეი ნიშიკორი ავსტრალიელ მარინკო მატოშევიჩს დაუპირისპირდა.
იაპონელმა ცუდად დაიწყო მატჩი და საწყის გეიმშივე დათმო საკუთარი ჩაწოდება, შემდეგ ავსტრალიელმა დამაჯერებლად ჩააწოდა და მარინკო წინ გავიდა 2:0. თუმცა ნიშიკორი დროულად გამოფხიზლდა, მან ჯერ უკუბრეიკი შეასრულა, ხოლო მეოთხე გეიმში ანგარიშიც გაათანაბრა 2:2. მეშვიდე გეიმში მატჩში ფავორიტად მიჩნეულმა კეიმ კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:4. მოულოდნელად ფეხის მცირე ტრავმის გამო მატოშევიჩმა თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და იაპონელმაც ფინალის საგზური იოლად მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ესპანელი ფელიციანო ლოპესი და უზბეკი დენის ისტომინი შეხვდნენ. ფელიციანო პირველივე წუთებიდანვე შესანიშნავად შევიდა მატჩში და სულ რაღაც 21 წუთში პირველი სეტიც მოიგო 6:2.
მეორე პარტიაში ისტომინი გამოფხიზლდა, ნელ ნელა დაალაგა თამაში საკუთარ ჩაწოდებაზე და დაელოდა შანსს, თუ როდის მოდუნდებოდა მეტოქე. მეოთხე გეიმში უყურადღებოდ ითამაშა ლოპესმა, რაც კარგად გამოიყენა ისტომინმა და პირველივე ბრეიკ პოინტი მოგებულ გეიმად გარდასახა 3:1. ესპანელს ქონდა რამოდენიმე შანსი სეტის გადარჩენისა, თუმცა რამოდენიმე ბრეიკპოინტი გაანიავა და დენისმაც საბოლოოდ გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიში 1-1 (2:6, 6:3)
უზბეკმა ჩოგბურთელმა მესამე სეტიც ძალიან აქტიურად დაიწყო და პირველსავე გეიმში ფელიციანოს ჩაწოდებაზე სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო, მაგრამ ძალზედ გულგრილად მოეპყრო მიცემულ შანსებს, რისთვისაც დაისაჯა კიდეც. მეექვსე გეიმში ლოპესმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და უმძიმეს მატჩში, რომელიც 1 საათი და 50 წუთი გაგრძელდა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 6:2, 3:6, 6:3.