კალიფორნიაში წაგებული 2 საპლეიოფო მატჩის შემდეგ "მემფისი" დროულად გამოფხიზლდა და FEDEX FORUM-ში "კლიპერსს" წარმატებაზე ფიქრის არანაირი შანსი არ დაუტოვა 94:82.
მასპინძლებმა მეტოქეს პირელივე წუთებიდან დაბალი სათამაშო ტემპი და "მძიმე" კალათბურთი შესთავაზეს. სამწამიან ზონაში მშვენივრად გამოიყურებოდა რენდოლფისა და გასოლის ტანდემი, რომელმაც ჯამში 43 ქულა და 19 მოხსნა დააგროვა. მაიკ კონლიმ მშვენივრად გაართვა თავი დაცვაში კრის პოლის მეურვეობას, "სი.პი.3"-ის კარგი თამაშის გარეშე კი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "კლიპერსი" არცთუ ისე მრისხანე მეტოქეა, როგორც ეს პირველ თამაშებში ჩანდა.
მასპინძლებმა მატჩის სტარტიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა, ერთ ეპიზოდში 16 ქულასაც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 12 ქულიან ჰანდიკაპს დასჯერდნენ 94:82.
ლაიონელ ჰოლინზის გუნდმა თითქმის ყველა საკალათბურთო ასპექტში დაჯაბნა სტუმრები: მოხსნები 45-33, შეტევაში მოხსნები 17-5, დაკარგვები 10-16, სწრაფი შეტევის შედეგად აღებული ქულები 10-16, სამწამიანი ზონიდან აღებული ქულები 40-26.
მატჩის გმირი "პანდად" წოდებული ზაკ რენდოლფი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა და 11 მოხსნა (6 შეტევაში) მოუტანა. "მემფისმა" სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ინტრიგა კვლავ გაცოცხლდა ამ დაპირისპირებაში 1:2.
მოქმედი ჩემპიონი "მაიამი" აგრძელებს დამაჯერებელ სვლას პლეი ოფის პირველ რაუნდში. "მილუოკისთან" საკუთარ არენაზე მოგებული ორი იოლი მატჩის შემდეგ, ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილებმა მეტოქის ტერიტორიაზეც იზეიმეს გამარჯვება 104:91 და სერიაში 3:0 დაწინაურდნენ.
ამჯერად "ჰიტის" ლიდერობა სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ვეტერანმა რეი ალენმა ითავა, რომელმაც "ბაქსს" 5 სამქულიანი ჩაუგდო და მატჩი 23 ქულით დახურა. ტრადიციულად სასარგებლო გახლდათ ლებრონ ჯეიმსი 22 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. კრის ბოშმა მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა 16 ქულა და 14 მოხსნა. დუეინ უეიდმა მიმდინარე სეზონის ერთ ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, 12 მცდელობიდან ჩააგდო რა ერთადერთ ბურთი, მაგრამ მიუხედავად მისი ცუდი გარჯისა ეს საერთო შედეგს არანაირად არ დასტყობია.
კვლავ ძალიან უფერულად გამოიყურება "მილუოკის" შემადგენლობაში ჯენინგსისა და ელისის დუეტი, რომელთაც მაღალ დონეზე მხოლოდ დღევანდელი მატჩის პირველი მეოთხედი ჩაატარეს, როცა მასპინძლებმა ერთბაშად 5 შორეული ტყორცნა ჩაუგდეს სახელოვან მეტოქეს და საწყისი 12 წუთეული 9 ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა ამის შემდეგ პარკეტზე რეალურად მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს "მაიამი" გახლდათ, რამაც საბოლოოდ მიიყვანა კიდეც "ჰიტი" სერიაში რიგით მესამე გამარჯვებასთან.
ტომ ტიბოდომ პლეი ოფის საწყის მატჩში ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ სწორი დასკვნები გამოიტანა, რის შემდეგაც "ჩიკაგომ" ჯერ მოედნის უპირატესობა მოიპოვა "ბრუკლინთან" დაპირისპირებაში, დღეს გამთენიისას კი United Center-ში მოპოვებული კიდევ ერთი გამარჯვებით (79:76) სერიაშიც დაწინაურდა 2:1.
"ჩიკაგოს" შემადგენლობაში კვლავ მშვენიერ თამაშს აჩვენებენ ფორვარდები კარლოს ბუზერი და ლუოლ დენგი, რომელთა ორმაგი დუბლების ხარჯზე უკანასკნელი პერიოდის წინ "ხარები" 13 ქულას იგებდნენ და საბოლოოდ შეინარჩუნეს კიდეც საფინალო სირენამდე ლიდერობა.
"ბრუკლინის" ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია სამატჩო განაცხადში არ გახლდათ.
მილუოკი - მაიამი 91:104 (30:21, 20:27, 18:30, 23:26)
მილუოკი: ჯენინგსი (16), ელისი (7), სანდერსი (16+11მ), ილიასოვა (15), მბა მუტე (12); იუდო, რედიკი (11), დანლივი (11), დანიელსი (2), დალამბერი (1), სმიტი, ჰენსონი
მაიამი: ჩალმერსი (7), უეიდი (4), ბოში (16+14მ), ჰასლემი (12), ჯეიმსი (22); ბეტიე (2), ალენი (23), ანდერსენი (11), კოული (7)
სერიის ანგარიში 0:3
ჩიკაგო - ბრუკლინი 79:76 (19:17, 22:17, 24:18, 14:24)
ჩიკაგო: ჰაინრიხი (12), ბატლერი (4), ნოა (1), ბუზერი (22+16მ), დენგი (21+10მ); მოჰამედი (5), გიბსონი (4), რობინსონი (7), ბელინელი (3), ტიგი, კუკი
ბრუკლინი: უილიამსი (18), ჯონსონი (15), ლოპესი (22), ევანსი, ვოლესი (5); ბლაჩი (7), ვოტსონი (2), სტეკჰაუსი (1), ჰამფრიზი (4), ბრუქსი (2)
სერიის ანგარიში 2:1
მემფისი - კლიპერსი 94:82 (23:20, 24:19, 23:23, 24:20)
მემფისი: კონლი 96), ალენი (13), გასოლი (16), რენდოლფი (27+11მ), პრინსი (2); ბეილისი (5), დულინგი (7), არტური 95), დევისი, პოინდექსტერი (13)
კლიპერსი: პოლი (8), ბილაფსი (11), ჯორდანი (2), გრიფინი (16), ბატლერი (10); კროუფორდი (10), ბარნსი (12), ჰოლინზი, ბლედსოუ, ოდომი (9), ტურიაფი (4)
სერიის ანგარიში 1:2