ბლოგი

18:24 | 10.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელუდე იოაჰიმი და მისი ბიჭები

 

მელუდე იოაჰიმის დაბადებამდეც ლუდს გერმანიაში ყოველთვის ხარშავდნენ და ადგილობრივი ლუდები როგორც წესი გემრიელი, ხარისხიანი და მაღალექსტრაქტული გამოდიოდა. თუმცა, როდესაც გერმანიის მთავარ ლუდსახარშში ლუდის პირველ მხდელად მელუდე იოაჰიმი დანიშნეს, ბევრს არ ჰქონდა, იმედი, რომ მისი მოდუღებული ლუდი ისეთივე ხარისხიანი იქნებოდა როგორც მაგალითად თავის დროზე დიდი ფრანც ბაბუას მოდუღებული იყო. თუმცა, როგორც ძველი ბავარიული გამოთქმა გვასწავლის: ”კარგ მელუდეს მხოლოდ დაკაპიწებული მკლავები და ნაღდი გერმანული გული სჭირდება”.

მელუდე იოაჰიმმა გერმანული ლუდის ხარშვა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მისი მთავარმელუდეობის ჟამს, ხშირად არ გამოსდიოდა ის სასმელი, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და რასაც ლუდის მოყვარულები მისგან ელოდნენ. თუმცა, პროდუქციის ხარისხს ყოველთვის ინარჩუნებდა და არავის უბრუნდებოდა ენა, იოაჰიმისათვის მთავარი მელუდის წოდების ჩამორთმევა რომ მოეთხოვა. დამხმარე მელუდეებადაც კარგი ჯგუფი შეკრიბა. მართალია მათში ყველა სისხლხორცეულად გერმანელი არ იყო და წარმოშობით პოლონელებთან ერთად, თურქებიც ბლომად ერივნენ, მაგრამ ეს ბიჭები შეფის სურვილებს უმალ იგებდნენ და მსწრაფლივ ახორციელებდნენ პრაქტიკაში.

როგორც უკვე ვთქვით, სულ მონდომებული და ტალიკ-ტალიკ ბიჭები ჰყავდა მელუდე იოაჰიმს დამხმარეებად, მაგრამ მათში ერთი ზანტიც ერია, სახელად მესუთ ჭყეტელა. იოაჰიმმა ასევე კარგად იცოდა კიდევ ერთი ძველი ბავარიული შეგონება: ”თუკი მეგობარს სიზანტეს შეატყობ – წამსვე პანღური უთავაზეო” და მთავარი მელუდეც ჭყეტელასათვის არასოდეს ინანებდა პანღურსა და ჭიტლაყს, მუჯლუგუნსა და ტყლაშანს. 

ამ წლების მანძილზე ბევრმა წყალმა და ლუდმა ჩაიარა. იოაჰიმი კი გამუდმებით იძახდა –  ჩემი საუკეთესო ლუდი ჯერ არ მომიხარშავს და 2014 წლის ზაფხულს დაელოდეთო. როგორც იქნა მოვიდა ეს ზაფხულიც. იოაჰიმმა და მისმა შეგირდებმა ლუდის ხარშვა 11 ტონიან უზარმაზარ ქვაბში ნელ ცეცხლზე დაუწყეს. თავიდან ბევრს არ მოსწონდა მთავარმელუდის გადაწყვეტილება და იძახდნენ, - ეს რა გერმანული ლუდია? სად გაგონილა ასე ნელ ცეცხლზე ბავარიული ლუდის ხარშვაო?!.. მაგრამ იოაჰიმი ასეთ საუბრებს ნაკლებად უსმენდა და ჯიუტად აგრძელებდა უზარმაზარი ჩამჩით ლუდის მორევას.

ცხელი ზაფხული იდგა. ქვაბს ცეცხლი თანდათან ემატებოდა და ირგვლივ ისე ცხელოდა, ვერა კაცი ვერ გაჩერდებოდა იოაჰიმისა და მისი შეგირდების გარდა. მათ ხომ გულში მტკიცედ ჰქონდათ ამოჭრილი საუკეთესო ლუდის მოხარშვა. ისეთი ლუდისა, მათ წინაპრებსაც კი საფლავებიდან რომ ამოაყოფინებდა ლუდის ბოკლებით დამშვენებულ ხელებს – ერთი ჩვენს ჩამოგვისხით თქვე ოხრებოო.

8 ივლისის ღამე იდგა, როდესაც ლუდმა დუღილი თითქმის ბოლომდე დაასრულა და გასინჯვის ჟამმაც ჩამოჰკრა. იოაჰიმმა ყველა შეგირდი ქვაბთან შეკრიბა, მათგან ხუთი მათგანი: თონი, თომასი, მიროსლავი, ანდრე და სამი გამოარჩია, ლუდის ბოკლები ჩამოურიგა და გასინჯვა უბრძანა. პირველად თონიმ ამოალივლივა ოხშივარავარდინილი ქვაბიდან კამკამა სითხე და დაიგემოვნა. მას სხვებიც მიჰყვნენ და როდესაც წარმოშობით თურქმა, სახელად სამიმაც ჩაცალა ბოკალი, ყველამ ერთხმად შესძახა – არის! გამოგვივიდა! დიახ, ჩვენ საუკთესო გერმანული ლუდი დავაყენეთ! და იქმნა ზეიმი და სიხარული ფრიადი...

ამ დიდებული დეგუსტაციის შემდეგ, დიდმა მთავარმელუდე იოაჰიმმა შეგირდები ახალი ლუდის დამზადებისათვის მოამზადა და ცეცხლზე მორიგი ქვაბის შემოდგმა ბრძანა. ეს ლუდი 13 ივლისს გაისინჯება და ყველა ერთად ვნახავთ კიდევ ერთხელ იზეიმებენ თუ არა საფლავში ძველი ბავარიელი მელუდეები. მათ ყველაზე კარგად იცოდნენ ნაღდი გერმანული ლუდის გემო!

0.122529