ჭადრაკი

1:25 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მელია ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველი მოჭადრაკე სალომე მელია (2454) ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დასრულებული ევროპის მე-15 ინდივიდუალური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მელია ბოლო მე-11 ტურში თეთრი ფიგურებით სომეხ ელინა დანიელიანს (2458) დაუზავდა და მარია მუზიჩუკის (2521) დარად, 8.0 ქულა მოაგროვა, თუმცა კი, უკრაინელს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ტურნირის ჩემპიონი რუსი ვალენტინა გუნინა (2501) გახდა 9.0 ქულით, მისი თანამემამულე ტატიანა კოსინცევა (2476) კი 8.5 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა.

7.5-7.5 ქულა ერთბაშად ოთხმა ქართველმა მოჭადრაკემ მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით, ნანა ძაგნიძე (2541) მე-6 ადგილზე გავიდა, ნინო ბაციაშვილი (2417) – მეშვიდეზე, ლელა ჯავახიშვილი (2474) – მერვეზე, ხოლო ნინო ხურციძე (2460) – მეთორმეტეზე.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატის პირველ თოთხმეტ პოზიციაზე გასული მოჭადრაკეები ქალთა შორის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას იღებდნენ, მელია, ძაგნიძე, ბაციაშვილი, ჯავახიშვილი და ხურციძე რჩეულთა შორის მოხვდნენ.

პლოვდივში მოთამაშე სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა შემდეგი შედეგები აჩვენეს: 18. მერი არაბიძე (2406) – 7.0; 19. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 7.0; 25. სოფიო გვეტაძე (2356) – 6.5; 84. მადონა ბოკუჩავა (2027) – 5.0;

0.193283