თანამედროვე პროფესიული კრივის ამერიკელმა ვარსკვლავმა ფლოიდ მეივეზერმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ოღონდ ამჯერად - რინგს მიღმა. WBC-ის ვერსიით მეორე ქვესაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა ტოტალიზატორს თითქმის 5,4 მილიონი დოლარი მოუგო. ვიდეოპორტალ pregame.com-ის ოფიციალურ ტვიტერზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეივეზერმა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის მატჩზე 5,9-მილიონიანი ფსონი გააკეთა. კონკრეტულად, მან აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-7 მატჩში, “მაიამი ჰიტის” მიერ “ინდიანა პეისერზის” 7 და მეტი ქულით ძლევაზე დადო ფული. “მაიამიმ” თამაში 23 ქულით მოიგო – 99:76.
36 წლის ფლოიდ მეივეზერს პროფესიულ რინგზე 44 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო (26 ნოკაუტით). ერთი თვის წინ, რობერტ გერეროს ძლევით 32 მილიონი გამოიმუშავა. მომავალ ბრძოლაში კი 14 სექტემბერს მსოფლიოს მექსიკელ ჩემპიონ (WBA-ის და WBC-ის ვერსიებით პირველ საშუალო წონაში) საულ ალვარესთან გამართავს და შედეგის მიუხედავად, დაახლოებით 50 მილიონს მიიღებს.
ფლოიდ მეივეზერს საქვეყნოდ ცნობილი ზედმეტსახელიც ისეთი აქვს, მოკრივეზე მეტად აზარტულ მოთამაშეს რომ შეშვენის – “ფული”.