ფეხბურთი

1:07 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეგრული დერბი ყაიმით დასრულდა

 

ლანჩხუთში გამართულ შეხვედრას მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სატურნირო ცხრილის ფსკერზე განთავსებულ გუნდებს გამარჯვება ჰაერივით ჭირდებოდათ. შეხვედრამ მოლოდინი სავსებით გაამართლა. მეგრული დერბი უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და სანახავადაც საინტერესო გამოდგა.

მატჩი ფოთელთა უპირატესობით დაიწყო. პირობითი მასპინძლები ინიციატივას თავიდანვე დაეუფლნენ და მე-3 წუთზე საგოლე სიტუაციაც შექმნეს. მახვილი კუთხიდან ჩარლზ ნევუჩეს დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან შეეხო. ამის შემდეგ ფოთელებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ორჯერ მიეცათ. ჯერ გიორგი ლემონჯავას ჩაწოდებულ ბურთს დათა სიჭინავა უცვლიდა მიმართულებას, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. შემდეგ კი გუგუჩია ცდილობდა ჯარიმიდან გატანას, მაგრამ თევდორაძე ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

პირველ ტაიმში აღსანიშნავი მეტი არაფერი მომხდარა – 0:0 ამ ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ამიტომ გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩის განახლებისთანავე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა სტუმრებს მიეცათ. შოთა ლომიას დარტყმული საჯარიმო ლაშა ძაგანიამ უხერხულად მოიგერია, თუმცა დამატებაზე ზუგდიდლებმა ვეღარ ივარგეს.

საპასუხო ჩხვლეტა ფოთელებმა თითქმის მაშინვე განავითარეს. ნევუჩეს შეტევა მცველებმა სულ ბოლო მომენტში განმუხტეს, თორემ ნიგერიელი ფორვარდი დაუცველი კარის წინ რჩებოდა.

55-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. ზუგდიდელთა კაპიტნის შორეულ კუთხეში გამიზნულ დარტყმას ლაშა ძაგანიამ ვერაფერი მოუხერხა – 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ ნომინალური მასპინძლები  გააქტიურდნენ და საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს. ანგარიშის გათანაბრების კარგი შესაძლებლობა დათა სიჭინავას ჰქონდა. მეტოქის საჯარიმოში მყოფს მას ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ზუსტი დარტყმა ვერ მოახერხა. თემურ შარაშენიძეს მეკარემ აუღო. ამის შემდეგ ნიგერიელი ფორვარდის ჯერი დადგა. იგი ყურადღების ცენტრში ზედიზედ სამჯერ მოექცა. პირველად ნევუჩემ მცველებს დაასწრო და ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა, თუმცა რიგვავამ სულ ბოლო წამს იმარჯვა და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. დანარჩენ ორ შემთხვევაში ნიგერიელი ფორვარდი ერთი შეხებით ცდილობდა ზუგდიდელთა კარის დალაშქრას, მაგრამ მისი მცდელობა ორივეჯერ უშედეგო გამოდგა.

შეხვედრის ბოლო წუთებზე ფოთელებმა მთელი გუნდით შეუტიეს და ზედიზედ რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ საწადელსაც მიაღწიეს. არბიტრის მიერ მატჩისთვის დამატებული ბოლო მე-4 წუთი იწურებოდა, როცა ,,მასპინძლებმა” კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. ლუკა გეგუჩიას მოწოდებულ სტანდარტულზე ყველაზე მარჯვე შეცვლაზე შესული გიგა ამბროლაძე აღმოჩნდა და ზუსტი თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

პრესკონფერენცია:

ზაზა ინაშვილი (,,კოლხეთი”) - ,,მეგრული დერბი ყოველთვის დაძაბულობით გამოირჩევა. ასე იყო ამჯერადაც. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წამს გავათანაბრეთ, ვფიქრობ ფრე ლოგიკური შედეგია. ხარვეზები გვაქვს, თუმცა თანდათან ვასწორებთ და თამაშის ხარისხიც უმჯობესდება.”

ნესტორ მუმლაძე (,,ზუგდიდი”) - ,,ახალშეკრებილი გუნდი ვართ და ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი გვიკლია. სამი ქულის მოპოვება შეგვეძლო, მაგრამ რაღაც დავაკელით. ამის მიუხედავად საყაიმო შედეგით კმაყოფილი ვარ.”

,,კოლხეთი” (ფოთი) - ,,ზუგდიდი” (ზუგდიდი) 1:1 (0:0)
24 აგვისტო. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე”. 500 მაყურებელი.

,,კოლეთი”: ძაგანია, გ.კილასონია, ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა, გოგონაია (კ), გუგუჩია, დ. სიჭინავა (ამბროლაძე 81), შარაშენიძე (გულუა 74), ნ.სიჭინავა (ქორჩილავა 63), ნევუჩე;

მთ. მწვრთნელი:  ზაზა ინაშვილი

,,ზუგდიდი”: თევდორაძე, რიგვავა, დ.ლომაია, ქურდაძე, ლ.ღონღაძე, ჯავაშვილი, ქირია, შ.ლომია (კ) (კობერიძე 82), წურწუმია (ქომეთიანი 90+2), ეხვაია (ფარჯიკია 76), ვ.კვარაცხელია;

მთ. მწვრთნელი:  ნესტორ მუმლაძე

გოლები: 0:1 შ. ლომია (55),  1:1 ამბროლაძე (90+4);

გაფრთხილება:  ქირია (15), გუგუჩია (42), გ.კილასონია (65), ეხვაია (75), თევდორაძე (85), ფარჯიკია (87), კობერიძე (90+4);

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე

0.136584