ფეხბურთი

18:03 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მეგონა, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ბევრი ვარჯიში აღარ მჭირდებოდა...”

ვალერი გაგუა – მამის ნაკვალევზე


 

ზუსტად 4 კვირაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება ლიტვაში და ქართველებს მოსაწყენად არ გვექნება საქმე. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, ან არ ახსოვდეს, რომ ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი ქართველიც გამხდარა – საუბარია ვალერი გაგუაზე, რომელთანაც “მსოფლიო სპორტი” ინტერვიუს გთავაზობთ.

ეს იყო 1999 წელს, შვედეთში. ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდმა შესარჩევი ეტაპი განვლო და 8 საუკეთესოს შორის მოხვდა, ჯგუფში მოხვდა იტალიასთან, ირლანდიასთან და ესპანეთთან ერთად. აპენინელებთან 0:2, ირლანდიასთან 3:3, ესპანეთთან 1:4 – საქართველო ჯგუფში ბოლოზე გავიდა, თუმცა ფინალურ ეტაპზე გასვლა უკვე დიდი მიღწევა იყო. ნაკრების 4 გატანილი გოლიდან 3 გაგუას ეკუთვნოდა.  3 ბურთი მიითვალა კიდევ სამმა ფეხბურთელმა და ქართველი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე გახდა.

მართალია, ჩემპიონატს იმ დროს 18-წლამდელების სტატუსი ჰქონდა, მაგრამ დღევანდელის იდენტურად ტარდებოდა – 19 წლისებს შეეძლოთ ფინალურ ეტაპზე თამაში.

ეს იყო მეორე შემთხვევა, როცა საქართველო ფინალურ ეტაპზე გავიდა. პირველად კი ეს ვალერი გაგუას მამამ, აწ გარდაცვლილმა რეზო გაგუამ მოახერხა - 16-წლამდელთა (დღევანდელი 17-წლამდელების იდენტური) ნაკრები გაიყვანა და 1997 წელს ფინალურ ეტაპზე ათამაშა. შეგახსენებთ, რომ რეზო გაგუა შარშან თებერვალში გარდაიცვალა...…

ვალერი გაგუა მამის კვალს გაჰყვა: ბავშვებს წვრთნის – კონკრეტულად,  “საბურთალოს” სკოლაში ავარჯიშებს 2000 და 2002 წელს დაბადებულებს.

-    18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან დავიწყოთ. გვახსოვს ფინალურ ეტაპზე გასვლამდე ჩეხეთი გამოთიშეთ. სტუმრად 2:2, შინ კი 2:1 და საშინაო შეხვედრაში ერთი გოლი თქვენ გაიტანეთ.

-    სტუმრად 2:2 ვითამაშეთ, ორივე ლაშა ჯაკობიამ გაიტანა. საშინაო თამაში ბათუმში გაიმართა: პირველი დავით დიღმელაშვილმა შეაგდო, ჩეხებმა გაათანაბრეს და 10 წუთი რჩებოდა, როცა შორიდან დარტყმით გავიტანე. ჩეხებს ჰყავდათ როსიცკი, ბაროში, გრიგერა, პოლაკი... ფინალურ ეტაპზე აუტსაიდერის როლში ჩავედით. საქართველოს სათვალავში არავინ აგდებდა. პირველი მატჩი იტალიასთან გვქონდა და არ მითამაშია, მერე ირლანდიასთან 3:3 დავამთავრეთ და ორი გოლი გავიტანე, ამასთან, ზურაბ მენთეშაშვილს მივეცი საგოლე პასი. ბოლოს კი ესპანეთთან 1:4 წავაგეთ და პენალტით გავიტანე. კარგი გუნდი გვყავდა. გულდასაწყვეტია, რომ Eუროსპორტ-ი ჩვენს თამაშებს არ აჩვენებდა. 

-    იმ ჩემპიონატზე ესპანეთს იკერ კასილიასი ჰყავდა.

-    კასილიასისთვის არ გამიტანია. იმ მატჩში სათადარიგოებში იჯდა. ისე, ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა: ესპანეთში კასილიასის გარდა იყვნენ დელ ორნო, კამაჩო, აგანსო; იტალიიდან მარესკა, სემიოლი, ბლაზი, პინცი; ირლანდიიდან დოჰერტი. ჩემპიონი პორტუგალია გახდა, რომელმაც ფინალში 1:0 მოუგო იტალიას.

-    გამორჩეულად კიდევ რა გახსოვთ იმ ჩემპიონატიდან? 

-    სამწუხაროდ, ჯაკობია არ გვყავდა და ფრთამოტეხილ ნაკრებს ვგავდით. ლაშა იმ დროს ბელგიის ‘სტანდარდში” ირიცხებოდა, ჩემპიონატზე კი ტრავმის გამო ვერ ითამაშა. მე შედარებით უკანდაწეული ვთამაშობდი: წინ მიქაძე და იმედაძე იყვნენ. ესპანელები მახსოვს, მაშინაც ასე თამაშობდნენ, როგორსაც დღეს ვხედავთ. ბურთს ისე ათამაშებდნენ, რაც უნდა მერბინა, ვერ ვასწრებდი. 

-    ასე კარგად იწყებდით კარიერას და შესაბამისად რატომ ვერ გააგრძელეთ?

-    ძალიან ზარმაცი ვიყავი, ბევრი დავაკელი ჩემს თავს დად ღეს ბავშვებს სწორედ იმაზე ვუჩიჩინებ, რომ არ მოეშვან, ბევრი ივარჯიშონ – ჩემი შეცდომები არ გაიმეორონ. მეგონა, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ბევრი ვარჯიში აღარ მჭირდებოდა. მამაჩემი დამდევდა და სულ მეუბნებოდა, თავი დახარე და ივარჯიშე, თორემ ცუდად შემოგიბრუნდებაო. გართობას გადავყევი, წვრთნას მოვუკელი და ღმერთმა დამსაჯა.

-    ისე, მამათქვენის გაწვრთნილი ნაკრები რომ გავიდა 16-წლამდელების ფინალურ ეტაპზე, იქაც სწორედ 1980 წელს დაბადებულებს უწევდათ თამაში. რატომ ვერ მოხვდით იმ გუნდში?

-    არა, იმ დროს აგვისტომდე დაბადებულებს არ შეეძლოთ. ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო “აგვისტომდე” და “აგვისტოს შემდეგ” სისტემა. მე კი თებერვალში ვარ დაბადებული და ვერ მოვხვდი იმ ნაკრებში. საერთოდაც, თავიდან შემტევად არ ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი 16 წლამდე.

-    16 წლამდე მეკარე?

-    დიახ, 5 წლიდან 16 წლამდე. ასაკობრივებში მე, ლომაიას, კუპატაძესა და ბათიაშვილს გვიძახებდნენ. შემდეგ ასაკობრივი ნაკრები გაიოზ დარსაძეს ჩააბარეს, მგონი, “ანცთან” გვქონდა ამხანაგური მატჩი და თავდამსხმელი დააკლდა. მე დამაყენა, 1:2 წავაგეთ და გოლი გავიტანე. ასე ვიქეცი შემტევად. გაიოზ დარსაძეს დიდ მადლობას ვუხდი.  

-    კარიერა მალე დაასრულეთ...

-    28 წლის ვიყავი, ახალციხის “მესხეთში” მივედი, გოგიტა სომხიშვილმა გამიწია რეკომენდაცია. მწვრთნელი კობა თედიაშვილი იყო, მხარში ამომიდგა. უმაღლეს ლიგაში ვიყავით და ცუდად არ ვთამაშობდით. უკვე ვეღარ ვთამაშობდი ხეირიანად, დავანებე თავი და მამაჩემთან მივედი “ნორჩ დინამოელში”, ბავშვთა მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. იქიდან კი თბილისის “დინამოში” გადავედი: ეს მაშინ, როცა გიორგი ნემსაძე და ზურაბ პოლოლიკაშვილი მოვიდნენ გუნდში. თავიდან 2000 წელს დაბადებულებს ვწვრთნიდი, შემდეგ 19997 წელს დაბადებულებთან გადამიყვანეს. პირველ ადგილზე ვიყავით, ჩვენი გუნდის 11 ფეხბურთელი ნოდარ აკობიამ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ერთ დღეს დამიბარეს და მითხრეს, განთავისუფლებული ხარო.  

-    რატომ? მიზეზი?

-    დღესაც არ ვიცი მიზეზი. ბუბა ტყავაძემ დამიბარა, შევედი მასთან და მეუბნება: არაფერი პირადული არ იფიქრო, თავისუფალი ხარო. მე არავისზე არ ვიბოღმები, კონფლიქტური ადამიანი არ ვარ. ასე გადაწყვიტეს? კი, ბატონო. ახლა “საბურთალოს” ვწვრთნი 2 ასაკში. მადლობა “საბურთალოს” ხელმძღვანელობას იმისთვის, რომ გვერდში დამიდგნენ.   

-    ბავშვთა ფეხბურთზე: რამდენად რთული და რამდენად სასიამოვნოა მათი გაწვრთნა?

-    ვისენტე დელ ბოსკეს ჰკითხეს, ყველაზე სასიამოვნოდ რომელი წარმატება გახსენდებათო და “რეალის” “კანტერაზე” თქვა. კაცს ყველაფერი აქვს მოგებული და მაინც “კანტერა” თქვა. ბევრს უთქვამს, ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთი თუ არ გაიარე, დიდი მწვრთნელი ვერ გახდებიო. ეს არის საწყისი, სადაც ბევრს სწავლობ, გამოცდილებას იღებ. წარმატება იქნება, თუ ჩემი გაზრდილი ერთი ფეხბურთელი მაინც მოხვდება ასაკობრივ ნაკრებში, ან თუნდაც “საბურთალოს” პირველ გუნდში. ეროვნულ ნაკრებში თუ მოხვდება, მთლად უკეთესი.      

-    ყველაზე მეტად რა კომპონენტი აკლიათ ქართველ ბავშვებს?

-    ჩემი აზრით, ბავშვებს გასანვითარებელ ფაზაში აკლდებათ მტკიცე ხელი. 6-დან 8 წლამდე სხვა სამუშაოა შესასრულებელი მათთან, 8-დან 10-მდე სხვა და ასე შემდეგ. ბავშვმა თავიდანვე თუ სწორად არ მიიღო ის, რაც საჭიროა, გაუჭირდება. კონკრეტულ ასაკში რაც სჭირდება, ამ გეგმით უნდა იმუშაონ ბავშვებთან. არავის არ ვეხები პირადულად, მაგრამ ხშირად არაგეგმიურ მიდგომას ვხედავთ.

-    როგორც ვიცით, A ლიცენზიაც გაქვთ.

-    დიახ. ამასწინათ შვედეთში ვიყავი სემინარებზე. იქაც იგივეს ასწავლიან, რასაც გაიოზ დარსაძე აქ ატარებს. თუმცა, შვედეთში ყველა ასრულებს და სწორ გზას მიჰყვება, აქ კი ხშირად მსგავსი არ ხდება. ფაქტია, რომ არავისზე ნაკლები ბავშვები და ჭაბუკები არ გვყავს, მაგრამ ფუნდამენტი არაა და მეწტილად, ნიჭის ხარჯზე მოდის წარმატებები. მამაჩემმა გაიყვანა ასაკობრივები ფინალურ ეტაპზე, შემდეგ კოპალეიშვილმა, კობა ჟორჟიკაშვილმა, ვასილ მაისურაძემ, ახლა გია ცეცაძემაც. ახლა “საბურთალოს” 13 წლის ბავშვები გადადიან 9-9 ზე თამაშიდან 11-11-ზე. სულ სხვა სპეციფიკაა, სხვა მოთხოვნებია. თავის დროზე, “დინამოში” 2000-იანებიდან 1997-იანებში რომ გადავედი, იქაც მომიწია სხვა სამუშაოების ჩატარება. იგივე მოხდება “საბურთალოშიც”, მაგრამ ახლა შედარებით მეტი გამოცდილება მაქვს: სემინარებზე ბევრ რამეს სწავლობს მწვრთნელი.

-    ხშირია შემთხვევა, როცა იფიქრებ - ეს აუცილებლად ფეხბურთელი გახდება და თავი დაუნებებია; ან პირიქით, ნიჭიერი არ ყოფილა და კარგი ფეხბურთი უთამაშია?  

-    ეს ჩვეულებრივი ამბავია. შრომა, მონდომება და ნიჭი – ეს ყველაფერი ერთად უნდა იყოს. მაგალითად, “საბურთალოში” როცა მოვედი, 2002 წელს დაბადებულ ბავშვზე მითხრეს, ძალიან ნიჭიერია და კარგად თამაშობსო. ვუყურებდი, ისეთს ვერაფერს ვატყობდი. დაემთხვა სააღდგომო არდადეგები, 10 დღეში მოვიდა ის ბავშვი და დავრწმუნდი, რომ მართლაც კარგი ყოფილა. ვერ განსაზღვრავ.  


0.114904