ძიუდო

18:50 | 27.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მედლისთვის მხოლოდ ჭრიკიშვილმა გაიბრძოლა

ჩელიაბინსკური ევროპირველობის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით, ტატამზე ოთხი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ კვარცხლბეკს ვერცერთმა ვერ უწია. სამეულში შესვლის ყველაზე რეალური შანსი ავთანდილ ჭრიკიშვილმა გაუშვა ხელიდან – რეპეშაჟის ფინალში, ოქროს დროში ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსთან ვაზარზე წამოეგო და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

პირველ წრეში ჭრიკიშვილი ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას მეოთხე წუთზე, წმინდა გდებით გასცდა. იპონითვე მოუმთავრა საქმე აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისაც, ოღონდ გდება ოქროს დროში შეასრულა. გამოცდილი მეტოქეების ჩამოშორების შემდეგ, მეოთხედფინალში 21 წლის გერმანელი ალექსანდრ ვეიჟერზაკი ერთი შეხედვით, ყველაზე სასურველი მეტოქე ჩანდა, მაგრამ ვინც ამ ძიუდოისტის მიერ იქამდე ჩატარებულ შეხვედრებს უყურა, თამამი პროგნოზის გაკეთებისგან ალბათ ყველა თავს შეიკავებდა. აქვე ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემიც - 2010 წელს, მაროკოში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, გერმანელი ალექსანდრ ვეიჟერზაკი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაჩემპიონდა, ხოლო ჭრიკიშვილი – 81-ში. ჩელიაბინსკში ქართულ-გერმანული დაპირისპირება ვიეჟერზაკის მიერ შესრულებული მტკივნეული ილეთით დასრულდა.
დამამშვიდებელ ეტაპზე გადართულმა ჭრიკიშვილმა ფრანგ აქსელ კლერჟეს ვაზარ-იუკოთი აჯობა, მაგრამ ეს მისი ბოლო მოგება იყო რუსულ ევროპირველობაზე. 
81 კილოგრამში საქართველოს სახელით ლევან წიკლაურმაც იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ პირველი წრის გადალახვა მოახერხა – უნგრელი ლასლო შოკნიაის ვაზარით ძლევის შემდეგ, ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიესთან ვეღარას გახდა. შეხვედრის ბოლო წუთზე წიკლაურისგან შესრულებული კონტრილეთი ტატამის მსაჯმა იპონად შეაფასა, მაგრამ გვერდითებმა გააუქმებინეს. რამდენიმე წამში უკვე სამივემ ერთად ბოტიეს ვაზარი დააფიქსირა. დრო თითქმის აღარ რჩებოდა, ლევანმა უკანმოუხედავად შეუტია და ერთ ეპიზოდში მეტოქეს სახეში ხელი გაარტყა. მსაჯებმა ჩათვალეს რომ ქართველმა განზრახ იუხეშა და გამარჯვებულად ბელგიელი ვადაზე ადრე გამოაცხადეს.
ზებედა რეხვიაშვილიც (73 კგ) ერთადერთი მოგებით დაემშვიდობა ტურნირს. მისთვის დაუძლეველი ბარიერი სამი წლის წინანდელი თბილისური ევროპირველობისა და მსოფლიოს ორგზის ფინალისტი დექს ელმონი აღმოჩნდა. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ჰოლანდიელმა შეხვედრის პირველ ნაწილში მოპოვებული ვაზარის უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა. ელმონთან დაჭიდებამდე რეხვიაშვილმა ანალოგიური ტაქტიკით ჩამოიშორა უკრაინელი კონსტანტინ ანიჩენკო, ოღონდ ჰოლანდიელისგან განსხვავებით, ქართველი ძიუდოისტი მოგებული შეხვედრის მიწურულს საშინლად დაღლილი ჩანდა.
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ტატამზე ერთადერთხელ გავიდა. ევროპის ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკასთან იუკო-იუკოზე დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ჰანტეითი წააგო. ვიდრე საქმე ალმების აღმართვამდე მივიდოდა, ტატალაშვილის მიერ მოწინააღმდეგისთვის შესრულებული ილეთი ტატამის მსაჯმა ვაზარად შეაფასა, მაგრამ გვერდითები არ დაეთანხმნენ. ჰანტეის დროსაც, ტატამის მსაჯმა ქართველის კიმონოს ფერი ალამი ასწია, ხოლო თანაშემწეებმა გამარჯვებულად უკრაინელი გამოაცხადეს.
ვოლოდიმირ სოროკამ მოგვიანებით მასპინძელთა ჯილა მანსურ ისაევიც დაამარცხა. ფინალამდეც მივიდა, მაგრამ 2009 წლის ევროპის თბილისურ ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს გაორებაში ხელი ფრანგმა უგო ლეგრანმა შეუშალა. რეპეშაჟში გადართული ისაევი ისრაელის სახელით მოჭიდავე იოსებ პალელაშვილმაც გაამწარა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ინდივიდუალური ევროპირველობის დასკვნით დღეს – 28 აპრილს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში გამოვლინდებიან. 90 კილოგრამში საქართველოს დროშით ვარლამ ლიპარტელიანი და ზურაბ ზვიადაური იჭიდავებენ, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი.
 
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ჩელიაბინსკი
27 აპრილი
 
73 კგ
1 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
2 ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა)
3 იოსებ პალელაშვილი (ისრაელი)
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)
 
81 კგ
1 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
2 მურატ ხაბაჩიროვი (რუსეთი)
3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)
3 კონსტანტინს ოვჩინიკოვსი (ლატვია)
5 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095485