გულშემატკივრის სვეტი

11:38 | 24.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

მე, სენიორ ლუისი ვერ ვიცანი!...

მე აბელი ვარ. ორი თვის წინ 22 წლის გავხდი. ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა ბუენოს-აირესელი ბიჭების ცხოვრებისაგან. ბევრი თანატოლი შურითაც კი მიყურებს, რადგან სამსახური მაქვს. სამსახური ჩვენთან და ჩვენ ასაკში არცთუ ადვილი საშოვნელია. ავტომობილების სახელოსნოში მრეცხავად ვმუშაობ, დღეში 27 დოლარს მიხდიან და საღამოობით კლუბში გოგოები რომ დავპატიჟო -  ამის ფული ყოველთვის მაქვს. ფეხბურთი მიყვარს და ინტერნეტში ანონიმურ ბლოგ-გვერდზე ჩუმად მოთხრობებსაც ვწერ. მწერლობაზეც ვოცნებობ, მაგრამ, მხოლოდ ხანდახან...
 გასულ კვირას “რივერის” თამაშზე ვიყავი. რა თქმა უნდა კიდევ დავმარცხდით. თან ვისთან... სან ლორენცოელებთან... სამჯერ დავაპირე ამ დამარცხებაზე ჩემ ბლოგზე რამე დამეწერა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, რადგან სტადიონის ტრიბუნაზე ჩემ ზურგსუკან ისეთი კაცი იჯდა, რომელიც ვერ ვიცანი და მივხვდი, რომ მისი არცნობა უფრო დიდი სირცხვილი იყო, ვიდრე “რივერის” მართლაც გულისამრევი წაგება.
 მას ნაცრისფერი პალტო ეცვა და თავზე ლურჯი კეპი ეფარა. ჰქონდა სევდიანი, დაღლილი თვალები და ცოტა საშიში გამომეტყველება. ასეთი გამომეტყველებისა და ჩაცმულობის მოხუცებით სავსეა ჩვენი ქალაქი და მე ეჭვადაც კი ვერ მივხვდი, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო იგი...
 თამაშის დასრულების შემდეგ, როდესაც მარცხით გაბრაზებული ინჩასები ქალაქის აოხრებას გეგმავდნენ, საკლუბო დროშა უბეში კოხტად ჩავიკეცე და სტადიონიდან თითქმის გამოვიპარე. ადრე პირველი შევასკდებოდი პოლიციას და ალბათ პირველ ქვასაც მე ვესროდი სან ლორენცოელ ქომაგებს. მაგრამ, რაკი გულში ჯერ ისევ არ გამქრობია მწერლად გახდომაზე ოცნება – სერიოზული კაცივით ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას და ის ნაცრისფერპალტოიანი მოხუცი კაცი ქუჩის კუთხეში დამხვდა. ძველ “ფორდზე” იყო მიყუდებული და ავტომანქანის მოხსნილ საბურავებს მოწყენილი დასცეროდა. სანამ ჩვენ “რივერის” დარდში ვიხრუკებოდით, ვიღაც ბაცაცებს მისი მანქანის წინა ორი საბურავი მოეხსნათ. ორი სათადარიგო საბურავით კი ალბათ მეწვრილმანე ბრაზილიელებიც კი არ დადიან. შემეცოდა და შევთავაზე: “აქვე ახლოს ჩვენი პროფილაქტიკაა, იქ წამომყევით და შეიძლება თქვენი ავტომობილისთვის რაიმე ძველი საბურავები გინახოთ, სახლამდე მაინც რომ მიხვიდეთ.” ძალიან გაეხარდა. მანქანის კარიც კი არ მიუხურავს, ისე საჩქაროდ წამომყვა უკან. ასე, ხმაამოუღებლად ვიარეთ სახელოსნომდე, სადაც მე მანქანებს ვრეცხავ. იქ მარტო კოლია დაგვხვდა. კოლია უკრაინელი ბიჭია, რომელიც არგენტინაში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა. მაგრამ მერე ფეხბურთში არაფერი გამოუვიდა, შერჩა ჩვენ ქალაქს და ახლა ერთად ვმუშაობთ იმ ჩვენ მინჯღრეულ პროფილაქტიკაში.
 კოლიამ ის კაცი რომ დაინახა, წამსვე შეეცვალა სახე. ღიმილით ჩამოართვა ხელი და დამტვრეული ესპანურით უთხრა: ”ეს მართლა თქვენ ხართ? ვერასოდეს წარმოვიდგენდი, აქ თუ გაგიცნობდით!” მერე მე მომიბრუნდა: ”არ გრცხვენია? ეს კაცი ვერ იცანი? ეს ხომ სენიორ ლუისია! სენიორ ლუის სესარ მენოტი!”
 ბევრნაირი სირცხვილი მიჭამია. სკოლაში ცუდი ნიშნების მიღებიდან დაწყებული, გოგონებთან ცუდად მოქცევით დამთავრებული. მაგრამ, ყველაზე დიდი სირცხვილი სწორედ იმ დღეს - ამ ერთი კვირის წინ ვიწვნიე. მე, რომელსაც თავი ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად მიმაჩნია, ვერ ვიცანი სენიორ მენოტი! კაცი, რომელსაც მთელი ბავშვობა ვაღმერთებდი და კაცი, რომლის ბიოგრაფიაც ალბათ ყველა არგენტინელმა გულშემატკივარმა იცის ზეპირად. სენორ მენოტი მოხუცია. სენიორ მენოტი შეცვლილია და მისი ბებრული სიარულიც არ ჰგავს ძლევამოსილი ლუისის ნაბიჯებს. მაგრამ, კოლიამ ხომ იცნო?! მან იცნო და მე ვერა. მთავარი ტრაგედიაც ესაა!
ჩვენი ხელით დავუყენეთ საბურავები სენიორ ლუისის მანქანას. ფული რა თქმა უნდა არ გამოგვირთმევია. კოლიამ სახელოსნოში მიგდებული ძველი გაზეთის კიდეზე კარგა გრძელი ავტოგრაფიც დააწერინა მენოტის. მე კი, ავტოგრაფის გამორთმევაც ვერ გავბედე. მქონდა კი ამის უფლება?!   
 ახლა, მინდა რომ ახალი მოთხრობა დავწერო, რომელსაც ლუის მენოტის მივუძღვნი და იმ მოთხრობაში იქნებ მაინც მოვუხდი ბოდიშს არცნობისა და ვერცნობის გამო. აი, პირველი აბზაციც დავწერე: ”სიბერეს ყველა სხვადასხვანაირად აღწერს. სიბერე ზოგისათვის დიდი ტრაგედიაა, ზოგისათვის მოსვენებისა და სიმშვიდის ჟამია. თუმცა, ალბათ ყველაზე რთულია სიბერე მაშინ, როდესაც გრძნობ რომ, წარმატებული წლები ზურგსუკან დარჩა და ქუჩაში ახალგაზრდები ვეღარ გცნობენ. სიბერე ყველაზე დიდი უსამართლობაა დედამიწაზე!” – როგორ ფიქრობთ, კარგი დასაწყისია მოთხრობისათვის?

ლევან სეფისკვერაძე



 

0.10507