საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა სრულად დაასახელა. გასარკვევი თხუთმეტკაციანი განაცხადის მე-15 წევრის ვინაობაღა იყო და ეს ადგილი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შინჯიკაშვილმა დაიკავა.
შიდა კონკურენცია სამ კანდიდატს შორის გრძელდებოდა და მათ შორის საუკეთესოს გამოსავლენად გუშინ ბორჯომულ შეკრებაზე საკონტროლო ბრძოლები ჩატარდა.
“შინჯიკაშვილი, იოსებ წელაური და ხვიჩა ხუციშვილი ერთმანეთს დავაჭიდეთ და საბოლოო გადაწყვეტილება ამ შეხვედრების შედეგებით მივიღეთ. ხუციშვილმა ორივეჯერ ფრეზე იჭიდავა, შინჯიკაშვილმა კი წელაურს იპონით მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობა გაინაღდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ამირან ტოტიკაშვილმა.
2010 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრს, 9-13 სექტემბერს, ტოკიო უმასპინძლებს.
ოთარ მაღლაკელიძე









