რაგბი

16:20 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მე-12 ტური: დიდი შესვენების წინ

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდები შაბათ-კვირას მე-12 ტურის მატჩებს გამართავენ, რის შემდეგაც დიდი, ორთვიანი შესვენება დაიწყება და პირველობა მომავალი წლის მარტში განახლდება.

მომავალი ტურის ხუთი თამაშიდან ორი ცენტრალურია, ორივე კვირას თბილისში, “ავჭალის” სტადიონზე გაიმართება. მანამდე შაბათს ორი შეხვედრაა და ორივეს რეგიონები უმასპინძლებენ.

შაბათს ბათუმში, 12 საათზე აუტსაიდერი “ბათუმი” თბილისის “არმიას” დაუხვდება. ზღვისპირელებმა უამინდობის გამო ორი ტური გამოტოვეს და შესაბამისად, ისინი მომავალ მატჩს დასვენებულები ხვდებიან. ამასთან, “ბათუმს” კონკურენტებთან ერთქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის კარგი შანსი აქვს, მაგრამ მანამდე მიზნის მიღწევას დაგეგმილ ტურში ეცდებიან. თავის მხრივ, “არმიამ” ბოლო დროს ზედიზედ ხუთი თამაში რომ მოიგო, მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა, ლიდერთა შორის აღზევდა და ახლა ერთ-ერთ აუტსაიდერთან პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას ეცდება. პირველ წრეში ამ გუნდების თამაში სექტემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო და არმიელებმა “ბათუმს” 17 ნოემბერს უმასპინძლებს. თბილისელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და პრემიალური ქულით - 59:21 იმარჯვეს.

ამავე დღეს 14 საათზე რუსთავში “ხარები” ლიდერ თბილისის “ლელოს” უმასპინძლებს. “ლელომ” ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გასულ ტურში კიდევ ერთი აუტსაიდერი “აკადემია” 32:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა, მაგრამ ახლა მისი ლიდერობა ისეთი მყარი აღარაა და “აიას” გადადებული თამაშის მოგებით, ხოლო კიდევ ორ გუნდს, ფეხის დაცდომის შემთხვევაში, მისი დაქვეითება შეუძლია. ამიტომ, ლევან მაისაშვილის შეგირდებს მაქსიმალური მობილიზება და პრემიალური ქულით მოგებაზე ფიქრი მართებთ. “ხარებს” ჯერაც მხოლოდ ერთი მოგება აქვს, მაგრამ ეს გუნდი განსაკუთრებით მშობლიურ ქალაქში მუდამ ბოლომდე იბრძვის და მეტოქეებს იოლად არასდროს ნებდება. მართალია პირველ წრეში “ლელომ” რუსთაველებს პრემიალური ქულით 37:16 აჯობა, მაგრამ ახლა იოლი გასეირნება არ ექნება და რუსთაველი მაყურებელიც წლის ბოლოს კიდევ ერთ საინტერესო ბრძოლას იხილავს.

კვირას სამივე თამაში თბილისშია და მათგან პირველში “აკადემია” “შევარდენზე” ბოლნისის “ყოჩებს” ეთამაშება. ბოლნისელებმა განვლილ ორ ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს და საპლეიოფო ექვსეულში აღზევდნენ, მაგრამ მიღწეულს შენარჩუნება უნდა. ამასთან, სატურნირო ცხრილში ისეთი სიტუაციაა, რომ ყველაფერი შესაძლოა ერთმა ქულამ გადაწყვიტოს და ამრიგად, მათთვის აუტსაიდერთან პრემიალური ქულის აღების დაგეგმვა ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს. მაგრამ “აკადემიას” თავისი გეგმები აქვს, გუნდი უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძვის და მეტოქეებსაც მოდუნებას არ პატიობს. ამის მაგალითად ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრაც გამოდგება, როდესაც “ყოჩებმა” მეტოქე მხოლოდ 7 ქულით, 16:9 დაამარცხა და აკადემიელები მინიმუმ ქულის აღებას ახლაც ეცდებიან.

ცენტრალურ თამაშებს “ავჭალის” სტადიონი უმასპინძლებს და პირველ ჯერზე, 14 საათზე მოედანზე რეგულარული პირველობის მოგებისთვის მებრძოლი გუნდები გავლენ. თბილისის “ლოკომოტივი” და ქუთაისის “აია” 36-36 ქულით ცხრილში მეზობლად არიან და გარდა იმისა, რომ გამარჯვებული გუნდი უპირატესობას მოიპოვებს, მას “ლელოს” რუსთავში ფეხის დაცდენის შემთხვევაში ლიდერობის შანსიც მიეცემა.

როდესაც ცხრილზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ “აია” მეტოქეებზე უკეთეს მდგომარეობაშია, რადგან აუტსაიდერ “ბათუმთან” შინ აქვს ჩასატარებელი გადადებული შეხვედრა. ქუთაისში მათ წინა კვირაში უნდა ეთამაშეთ, მაგრამ თოვლმა და ყინვამ გეგმები არია, “ლოკომოტივმა” კი, ამ დროს “არმაზი” 31:17 დაამარცხა. ამ მატჩშიც ფავორიტად რკინიგზელები უნდა მივიჩნიოთ, რადგან ისინი თბილისში თამაშობენ და “აიას” პირველ წრეში ქუთაისში 15:12 აჯობეს.

16 საათზე ერთმანეთის წინაშე ექვსეულისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. საქმეს ისეთი პირი უჩანს, პლეი ოფის ბოლო ორ საგზურს “ყოჩები”, “ჯიქები” და “არმაზი” გაითამაშებენ და ამ ტურში სწორედ ამ ორი უკანასკნელი გუნდის დაპირისპირება შედგება. ზემოთნახსენები სამეული თითქმის ერთნაირ მდგომარეობაშია და ბევრი რამე მათი ურთიერთშეხვედრებისას გადაწყდება. გასულ ტურში “ჯიქებს” “ყოჩებმა” 10:3 რომ მოუგო, გია ამირხანაშვილის შეგირდების მდგომარეობა გართულდა, თუმცა იმ მატჩში აღებულმა ერთმა ქულამ შესაძლოა, ბოლოს დიდი გავლენა იქონიოს.

“ჯიქებზე” უკეთეს მდგომარეობაშია “არმაზიც”, რომელიც ამ ეტაპზე მეტოქეებს კი ჩამორჩება, მაგრამ “ბათუმთან” გადადებული თამაში აქვს თადარიგში. და მაინც, ჯერ ერთი ზღვისპირეთში მოგება იოლი საქმე არ იქნება და მეორეც, თუ მათ მეტოქეები ძალიან წინ გაუშვეს, მერე გადადებული მატჩის მოგების ხარჯზე მათი დაწევა შეუძლებელი იქნება და ამიტომ, დავით ვართანიანის შეგირდებს კონკურენტთან მაქსიმალური მობილიზება მართებთ. პირველ წრეში “არმაზმა” მეტოქის დამარცხება სათადარიგო შემადგენლობით სცადა, მაგრამ ამისათვის დაისაჯა და პირველი ტაიმის მიწურულს 6:19 ჩამორჩა. მეორე ტაიმში ბრძოლაში ყველა ლიდერი რომ ჩაერთო, “არმაზი” 23:19 დაწინაურდა, მაგრამ “ჯიქებმა” მატჩის სადავეების დაბრუნება მოახერხა და საბოლოოდ 25:23 იმარჯვა.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. XII ტური

21 დეკემბერი

ბათუმი. ანგისა. 12:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - არმია (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 14:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლელო (თბილისი)

22 დეკემბერი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)

თბილისი. “ავჭალა”. 14:00 საათი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

ჯიქები (თბილისი) - არმაზი (თბილისი)

 

1              ლელო                           11         8          0          3            279-138            29
2 ლოკომოტივი 11 8 0 3 255-192 36
3 აია 10 8 0 3 207-121 36
4 არმია 11 7 1 3 285-183 36
5 ყოჩები 11 6 1 4 254-220 30
6 ჯიქები 11 5 2 4 230-173 29
7 არმაზი 10 6 0 4 190-206 26
8 ხარები 11 1 0 10 125-267 7
9 აკადემია 11 1 0 10 112-289 7
10 ბათუმი 9 1 0 8 135-283 6
0.119466