საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას, უახლოესი 2 წლის განმავლობაში, ალექსი ახვლედიანი უხელმძღვანელებს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში დღეს ჩატარებულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, მან ერთსულოვანი მხარდაჭერა მიიღო. შეგახსენებთ, მძლეოსნობის ფედერაციის აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა, თამაზ მდინარაძემ თანამდებობა დაახლოებით, ერთი თვის წინ დატოვა. დღევანდელი ყრილობის დღის წესრიგის პირველი საკითხიც სწორედ მდინარაძის განცხადების დასაკმაყოფილებელი კენჭისყრა იყო.
ხმის უფლების მქონე 41 დელეგატიდან, დარბაზში 39 შეიკრიბა და როგორც ბოლოდროინდელ სპორტულ არჩევნებში ხდება, მთელი სხდომის განმავლობაში, განსხვავებული აზრი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირებია. წინასწარვე შეთანხმდნენ, რომ კენჭისყრა ღია წესით ჩატარდებოდა. ამრიგად, მდინარაძის განცხადების დაკმაყოფილებას რამდენიმე წამი დასჭირდა. ასევე, წამებში და კვლავ ერთხმად გადაწყდა პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატის, ალექსი ახვლედიანის არჩევაც. ახალმა პრეზიდენტმა გენერალურ მდივნად დელეგატებს მაია აზარაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო მდინარაძეს საპატიო პრეზიდენტის პოსტი შესთავაზა. ორივე შემთხვევაში სრული მხარდაჭერა მიიღო. არაფერი თქმულა ახალი ვიცეპრეზიდენტების არჩევის თაობაზე და როგორც “მსოფლიო სპორტმა” სხდომის დასრულებისთანავე პრეზიდენტისგან შეიტყო, ამ მხრივ, სიახლე არ იგეგმება. ვასილ ბერიშვილისა და ყარამან საბანაშვილის ჩანაცვლება დღის წესრიგში არც დამდგარა.
კენჭისყრების შემდეგ, მძლეოსნობის ფედერაციამ სამეგრელოს, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ფედერაციები კომპიუტერებით დაასაჩუქრა. ასევე კომპიუტერი გადაეცა ჟურნალისტ ვაჟა დანელიასაც, ევროპის ჩემპიონატის მესამე ლიგაში გამარჯვებული სპორტსმენები, მარიამ ქევხიშვილი, ენდრიკ ზილბერშტეინი და დავით ილარიანი კი, საპრემიო თანხას მიიღებენ.
"მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის. ვეცდები, თქვენი ნდობა გავამართლო სპორტის ამ სახეობის ასაღორძინებლად. პრიორიტეტად პირველ ყოვლისა, მძლეოსნობის პოპულარიზაცია მიმაჩნია, რადგან დღესდღეობით, სამწუხაროდ, ხალხის დიდი ნაწილი მას და ძალოსნობას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს. ასევე, სწრაფადაა მისახედი ინფრასტრუქტურის პრობლემაც" – განაცხადა ახვლედიანმა.
სხდომის დასრულების შემდეგ, დელეგატებს და მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებს ლადო ვარძელაშვილმა და გია ნაცვლიშვილმაც მიმართეს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მძლეოსნებს მაქსიმალური დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის ლიცენზიებს ელიან. დასასრულ, ერთი სასიხარულო ინფორმაციაც. უახლოეს მომავალში, დიდუბის მანეჟი მძლეოსნობის ფედერაციას გადაეცემა.
ოთარ მაღლაკელიძე
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო







