საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის-ის (სეოკ) ხელმძღვანელობა ეროვნულ ფედერაციებთან შეხვედრებსა და “ლონდონი 2012”-ის მზადების კუთხით, სამომავლო გეგმებისა თუ სხვადასხვა ხელისშემშლელი პრობლემების განხილვას განაგრძობს.
სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ამჯერად ორგანიზაციას მძლეოსნობისა და ძალოსნობის ფედერაციათა მესვეურები სტუმრობდნენ და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.
მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ მდინარაძემ სინანული გამოთქვა, რომ “სპორტის დედოფალი" ყოველთვის ყველაზე მასიურ სპორტის სახეობად ითვლებოდა, ახლა კი ყველაზე მცირერიცხოვნად გადაიქცა.
“ძიუდოს ტატამი ყველა რაიონში ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ მსგავს ყურადღებას სარბენ ბილიკებსაც თუ დავუთმობთ, ცუდი არ იქნება. აზერბაიჯანში, რომელიც შედეგებითა და ტრადიციებით ჩვენთან ახლოსაც ვერ მოვა, ორი წმინდა მძლეოსნური სტადიონი გაკეთდა. საქართველოს კი 11 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული, თუმცა სიტუაცია გაცილები რთულია”, - აღნიშნა თამაზ მდინარაძემ.
მისივე თქმით, 2009 წელს სეოკ-ისგან და საერთოდ სახელწიფოსგან მძლეოსნობა ნორმალურად დაფინანსდა და მძლეოსნობის სექციებში მოსიარულეთა რაოდენობამაც იმატა, მაგრამ სტადიონებზე სარბენი ბილიკების უქონლობა სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარებას დაღს ასვამს.
ფედერაციის განმარტებით, ლონდონის ოლიმპიადაზე სამი ლიცენზიის მოპოვება სავსებით რეალურია. ბირთვის კვრაში მარიამ ქევხიშვილი წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდა და დიდი შანსია, ოლიმპიადაზე ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვოს.
სალიცენზიო ნორმატივის შესრულება არ უნდა გაუჭირდეს დავით ილარიანსაც, ხოლო სიგრძეზე ხტომაში 16 წლის ახმეტელ ლაშა ღულელაურს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რათა დიდი სპორტსმენი გახდეს. მისი საქმისადმი დამოკიდებულებითა და ნაჩვენები შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბიჭი ნამდვილი მოვლენაა და ლონდონის კანდიდატადაც მოიაზრება.
მომავალ წელს. სინგაპურში მსოფლიოს I ახალგაზრული ოლიმპიური თამაშები გაიმართება და მდინარაძის თქმით, ლაშა ღულელაურს საპრიზო ადგილზე გასვლა ნამდვილად ხელეწიფება. სინგაპურის საგზურის მოპოვების კარგი შანსი აქვს მორბენალ ბაჩანა ხორავასაც.
ძალოსნობის ფედერაცია 2009 წლის შედეგებით უკმაყოფილო არ არის. სამწუხაროდ, უნიჭიერესმა ძალოსანმა არსენ კასაბიევმა საქართველო დატოვა, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელთა და მწვრთნელთა თქმით, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არ გასჭირვებიათ, რადგან კარგი თაობა მოდის.
ალბერტ კუზილოვი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა, რაც მან მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ასანიძის თქმით, ამოცანა მაქსიმუმ 5 ლიცენზიის მოპოვებაა, მაგრამ არც 4 საგზური იქნება ურიგო შედეგი. ამასთან, კუზილოვი საპრიზო სამეულში მოხვედრისთვისაც იბრძოლებს.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სალიცენზიოა, 7 სპორტსმენით ასპარეზობა იგეგმება, რადგან გუნდს ჩასათვლელი ქულები ყველა ძალოსანმა მოუტანოს. რაც შეეხება სინგაპურის ახალგაზრდულ ოლიმპიადას, აქ მეტად პერსპექტიული ძალოსნის ვინიამინ ალექსიძის ასპარეზობა იგეგმება.
ფედერაციებთან ასევე ისაუბრეს სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის 4 წლიანი პროგრამის შესახებ, რომელიც ზოგადად სპორტის განვითარების კუთხით, არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს.







