საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტოკიოს ძიგორო კანოს სახელობის დიდი სლემი უმედლოდ ჩაამთავრა. ტურნირის დასკვნით დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. 100 კილოგრამში ქართველებს მონაწილე არ ჰყავდათ. მძიმე წონაში კი, ტატამზე ნოდარ მეტრეველი გავიდა და შეჯიბრს პირველივე წრიდან გამოეთიშა.
მეტრეველისთვის დაუძლეველი ბარიერი იაპონელი მასარუ მომოსი აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა, მესამე წუთზე იპონით იმარჯვა. მეორე წრეში, მომოსს კაზუჰიკო ტაკაჰაშიმ აჯობა. მანვე ჩამოიცილა კუბელი ოსკარ ბრისონიც და გერმანელი ანდრეას ტოლცერი. ფინალში კი სამხრეთკორეელ სუნგ-მინ კიმთან ვეღარას გახდა. სწორედ + 100 კილოგრამი აღმოჩნდა ის ერთადერთი წონა, რომელშიც მასპინძელი მამაკაცები ოქროს მედლის გარეშე დარჩნენ. აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც, სუნგ-მინ კიმმა, მედლისთვის ბრძოლას ტურნირის პირველ ნომრად განთესილი ეგვიპტელი, ისლამ ელ შეჰაბიც გამოთიშა.
100 კილოგრამში, ჩემპიონის ტიტული უმთავრესმა ფავორიტმა, მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა იაპონელმა ტაკამასა ანაიმ მოიპოვა. გადამწყვეტი გამარჯვება მან უბერებელ ებრაელთან, არიელ ზეევთან იზეიმა.
საქართველოს ნაკრებმა, გუნდურ ჩათვლაში, საფრანგეთთან ერთად მე-14 ადგილი დაიკავა. ჩემპიონი, რაღა თქმა უნდა, იაპონია გახდა, მეორე-მესამე პოზიციებზე კი სამხრეთ კორეა და ბრაზილია განთავსდნენ. შეგახსენებთ, სოსო ლიპარტელიანის გუნდიდან, ჩასათვლელი ქულები ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს. ორივე მათგანი მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ტურნირს. მე-5 ადგილზე გასვლით კი, 60-60 სარეიტინგო ქულა მიიწერეს.
დიდ სლემს ტოკიოში ერთობლივი წვრთნები მოჰყვება, რომელშიც სოსო ლიპარტელიანი და მისი შეგირდებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ძიუდო
დიდი სლემი
ტოკიო
13 დეკემბერი
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)
2 არიელ ზეევი (ისრაელი)
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
3 ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
+100 კგ
1 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია)
3 დაიკი კამიკავა (იაპონია)
3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
ოთარ მაღლაკელიძე







