რაფა ნადალს რეიტინგში სალიდერო პოზიციის დასაბრუნებლად ერთადერთი მატჩის მოგებაღა აშორებს. 27 წლის მალიორკელი პეკინის ტურნირზე ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრებს და სერბს კლასიფიკაციაში პირველ ადგილს ჩამოართმევს. მერვედფინალში კი რაფამ 29 წლის გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად 6:4, 7:6 მოუგო.
ესპანურ-გერმანული დაპირისპირება საათსა და 54 წუთს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში ნადალის აქტივში 3-3 ბრეიკი და ეისია. ნადალისა და კოლშრაიბერის პირადი შეხვედრების ანგარიში 11:1 გახდა.
პეკინის ტურნირის მეოთხედფინალში ნადალი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ავსტრალიელ ვეტერან ლეიტონ ჰიუიტს დამაჯერებლად მოუგო – 6:0, 6:2.
შეგახსენებთ, რაფა ნადალი რეიტინგსიას სათავეში ბოლოს 2011 წლის ივლისში ედგა.