ჭადრაკი

23:49 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილის მდევრები წამოეწივნენ

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გეორგი აგზამოვის სახელობის მემორიალის დასრულებამდე 2 ტური რჩება, ლიდერი კი სამია. ინდოელმა აბიჯეეტ გუპტამ (2619), ქართველმა მიხეილ მჭედლიშვილმა (2621) და ესპანელმა ოლეგ კორნეევმა (2618) 6.0-6.0 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით, აღნიშნული მიმდევრობით არიან განლაგებულნი.

შეგახსენებთ, რომ მე-7 ტურამდე ერთპიროვნული ლიდერი მჭედლიშვილი გახლდათ, თუმცა, თეთრი ფიგურებით ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილ იური კუზუბოვს (უკრაინა, 2648) დაუზავდა და კონკურენტებიც წამოეწივნენ.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით გუპტას ეთამაშება, ხოლო კორნეევი ასევე შავი ფიგურებით რუს პაველ სმირნოვს (2626) გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ უზბეკური ტურნირის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია, საიდანაც ჩემპიონს 4 ათასი ერგება, სულ კი, თანხა 12 მოწინავეზე გადანაწილდება.

0.119365