თებერვალში მიღებული კოჭის ტრავმის მორჩენის შემდეგ, ლევან მჭედლიძემ “ემპოლის” შემადგენლობაში პირველად სერია B-ს 39-ე ტურში ითამაშა.
“ემპოლი” სტუმრად “ჩეზენასთან” 0:1 დამარცხდა, ხოლო ქართველი თავდამსხმელი მოედანზე შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა. ირაკლი შეყილაძე დამარცხებულთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ემპოლის” 65 ქულა აქვს და 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) მე-12 ტურში, ტალინის “ფლორამ” გასვლაზე “ტრანსი” 1:0 დაამარცხა. ზაქარია ბეგლარიშვილი სტუმართა სასტარტოში იმყოფებოდა და 76-ე წუთზე შეცვალეს. “ფლორა” 27 ქულით 10 გუნდში მე-2 ადგილზეა.
“ლოკომოტივმა” თავის მოედანზე “ტამეკასთან” ქულები გაიყო - 2:2. მასპინძლებში ერთი გოლი ქართველმა ლეგიონერმა მალხაზ გარსევანიშვილმა გაიტანა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. ის თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო და 17 წუთში ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. ლაშა ნავერიანი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. “ლოკომოტივი” 2 ქულით 10 გუნდში ბოლო პოზიციაზეა.
ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-10 ტურში, გათამაშების ლიდერმა “ვენტსპილსმა” სტუმრად “იურმალა” 6:0 გაანადგურა და ერთი გოლი თავის ანგარიშზე თორნიკე თარხნიშვილმა ჩაიწერა. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 30-ე წუთზე თანაგუნდელები ორი ბურთით დააწინაურა. ის მე-60 წუთზე შეცვალეს. “ვენტსპილსი” 10-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეში 30 ქულით იმყოფება.
რიგის “სკონტო”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის, “მეტტას” ესტუმრა და 2:1 აჯობა. ლაშა დვალმა და ირაკლი კლიმიაშვილმა რიგელებში 90-90 წუთი ითამაშეს. “სკონტო” 24 ქულით მეორეა.
დაუგავპილსის “დაუგავა” შინ იურმალას “სპარტაკსს” დაუზავდა – 3:3. გიორგი ხუმარაშვილმა მასპინძლებში სრულად იასპარეზა. გიორგი ჩიხრაძე სასტარტოში იმყოფებოდა და 81-ე წუთზე შეცვალეს. ჯემალ ჯალიაშვილი თადარიგში იჯდა, მაგრამ თამაში არ მოუწია, ხოლო ბიძინა ცინცაძე სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდა. “დაუგავა” 16 ქულით მეხუთეა.
“იელგავა” გასვლაზე “ლიეპაიასთან” 1:2 დამარცხდა. გიორგი დიაკვნიშვილმა სტუმრებში მეორე ტაიმი ჩაატარა. “იელგავა” 17 ქულით მეოთხეა.